საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიული ვოლფსბერგერის ახალგაზრდა ნახევარმცველს, ოთარ მამაგეიშვილს იძულებითი პაუზის აღება მოუწია.
ფეხბურთელმა ბარძაყის უკანა კუნთის გაწყვეტის გამო ოპერაცია გაიკეთა. ქართული საფეხბურთო გვერდის, Geo Team-ის ცნობით, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა.
პრობლემები ქართველი შემტევისთვის ჯერ კიდევ სექტემბერში, ეროვნული გუნდის სადებიუტო შეკრებაზე დაიწყო, რის გამოც მას ნაკრების ბანაკის ნაადრევად დატოვება მოუხდა. ავსტრიაში დაბრუნების შემდეგ ოთომ ძალები მოსინჯა და 1 ნოემბერს, გრაცის შტურმის (სადაც მისი ტყუპისცალი გიზი მამაგეიშვილი და ოთარ კიტეიშვილი ასპარეზობენ) წინააღმდეგ 27 წუთი ითამაშა. თუმცა, ტრავმამ კვლავ იჩინა თავი და 6 ნოემბერს, ვენის რაპიდთან მატჩი მან უკვე გამოტოვა.
განახლებული ტრავმის სირთულიდან გამომდინარე, ქართველ ლეგიონერს სარეაბილიტაციოდ დაახლოებით 4 თვე დასჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მამაგეიშვილი მწვანე მინდორს, სავარაუდოდ, მხოლოდ მომავალი წლის მარტში დაუბრუნდება.