მართალია, ლუის ენრიკე პარი სენ-ჟერმენში თავს მშვენივრად გრძნობს და კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა პარიზში მომავალზე უკვე ფიქრობენ.
როგორც პსჟ-ს ყოფილი ნახევარმცველი, იუსუფ მულუმბუ GOAL-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, არსენალის ამჟამინდელი დამრიგებელი, მიკელ არტეტა საფრანგეთის ჩემპიონების "დიდი მწვრთნელების სიაში" ერთ-ერთი მოწინავე კანდიდატია. მულუმბუს თქმით, ესპანელმა სპეციალისტმა დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მწვრთნელია, რადგან არსენ ვენგერის წასვლის შემდეგ ლონდონური კლუბი ფაქტობრივად ნულიდან ააშენა და წარმატებების გზაზე დააბრუნა.
არტეტას პარიზთან ბევრი რამ აკავშირებს, 2001-2002 წლების სეზონში ის პსჟ-ში იჯარის წესით თამაშობდა. თავად მწვრთნელს ყოფილი კლუბის მიმართ სიმპათიები არასდროს დაუმალავს:
პარიზი ძალიან მიყვარს, იქიდან საუკეთესო მოგონებები მაქვს. ეს ჩემი პირველი პროფესიონალური კლუბი იყო და ის ყოველთვის ჩემს გულშია
რაც შეეხება პეპ გვარდიოლას, რომელიც ამჟამად ისვენებს, მულუმბუ თვლის, რომ კატალონიელის პარიზში ხილვის შანსი მცირეა. მისი ვარაუდით, პეპი სავარაუდოდ კარგად დაისვენებს და მომავალში, ზინედინ ზიდანის მსგავსად, რომელიმე ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს.