ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პარიზულ გრანდში ქართველ ვარსკვლავთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე მუშაობენ და მხარეებს შორის შეთანხმების პროცესი ფაქტობრივად უკვე დასრულებულია.
ამჟამად 25 წლის შემტევს პსჟ-სთან ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა კლუბმა ფეხბურთელის წარმომადგენლებთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც 2032 წლამდე იქნება გათვლილი. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ქართველი ლეგიონერის წლიური ანაზღაურება საგრძნობლად გაიზრდება. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ უმძიმესი ტრავმა მიიღო და მისთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა, პარიზელები მოლაპარაკებებს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
გარდა ქართველი ფეხბურთელისა, პსჟ-ში უსმან დემბელეც რჩება, რომელთანაც მოლაპარაკებები ასევე ძალიან კარგად მიმდინარეობს. პარალელურად, ხელმძღვანელობამ 32 წლის მარკინიოსთანაც დაიწყო დიალოგი, ბრაზილიელს მიმდინარე კონტრაქტი 2028 წელს ეწურება (როცა ის უკვე 34 წლის იქნება), თუმცა ის მოედანზეც და გასახდელშიც უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება, რის გამოც კლუბს მისი კიდევ ერთი სეზონით დატოვება სურს.