უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, იგორ კრასნოპირმა Ukrfootball-თან მიცემულ ინტერვიუში საქართველოსთან მოახლოებულ მატჩსა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა.
როგორც უკრაინელმა ფორვარმა აღნიშნა, ქართველი ვარსკვლავის არყოფნა ქართველთათვის უდიდესი დანაკლისია.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა საქართველოს ნაკრები კვარაცხელიას გარეშე სულ სხვა გუნდი, კრასნოპირმა უპასუხა:
რა თქმა უნდა, საუბარია იმ კატეგორიის ფეხბურთელებზე, რომლებზეც თითქმის ყველაფერია დამოკიდებული. ასეთი მოთამაშის კიდევ ერთი მაგალითი უნგრეთის ნაკრების ნახევარმცველი, დომინიკ სობოსლაია.
უკრაინელმა ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ლიდერის გარეშე გუნდს თამაშის სტილის შეცვლა უწევს:
თამაში ასეთი ფეხბურთელების გარშემოა აწყობილი და როდესაც ლიდერი მოედანზე არაა, გუნდისთვის აუცილებელია, სხვანაირად ითამაშოს. გამომდინარე აქედან, ხვიჩას არყოფნა საქართველოს ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია, ჩვენთვის კი, გარკვეულწილად, უპირატესობას წარმოადგენს.