საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2027-ის შესარჩევი ეტაპის B ლიგის ჯგუფური ეტაპი დანიასთან მარცხით დაიწყო - 2:5.
ჩვენი გუნდი საწყის 9 წუთში 0:2 ჩამორჩა, პირველი ტაიმი კი 1:3 წააგო - სანდრო მიქაუტაძემ თავისივე მოპოვებული პენალტიდან გაიტანა. მეორე ნახევრის სტარტზე, 50-ე წუთზე მათე შათირიშვილმა ავტოგოლი მიითვალა, რასაც დანიელთა კიდევ ერთი გოლი და 5:1 დაწინაურება მოჰყვა. საბოლოო ანგარიში იმავე შათირიშვილის გოლით დაფიქსირდა - საგოლე პასი ნიკა ადუაშვილის ანგარიშზეა.
საქართველო (4-3-3): ასანიძე - კუპრავა, შათირიშვილი, ლომიძე (კაპ.), ძერყორაშვილი - ციკოლია (ავდოევი; 61), კაკაშვილი (კობახიძე; 61), ადუაშვილი - ბარიხაშვილი (დიაკონიძე; 69), კვარაცხელია (გურჩიანი; 69), მიქაუტაძე (მელაშვილი; 69).
ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფის მე-2 ტურში შეხვდება ბოსნიას (14 ნოემბერს), ხოლო დასკვნით ტურში მასპინძელ სან მარინოს დაუპირისპირდება (17 ნოემბერს).
B ლიგის ჯგუფებიდან, რომელიც ამავდროულად საკვალიფიკაციოს მეორე რაუნდია, შემდეგი ეტაპის საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები მიიღებენ და გადაინაცვლებენ მე-3 რაუნდში, რომელშიც 28 გუნდი (21 - A ლიგიდან, 7 - B ლიგიდან) 7 ჯგუფში გადანაწილდება და ჯგუფის პირველადგილოსნები ევრო 2027-ის საგზურს მიიღებენ და დაემატებათ ფინალური ეტაპის მასპინძელი ჩეხეთი.