იტალიურ საფეხბურთო სივრცეში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის მიმართ იზრდება ინტერესი.
ფროზინონეს შემტევმა, გიორგი კვერნაძემ ცნობილ იტალიურ გამოცემა Cronache di Spogliatoio-ს ვრცელი და ემოციური ინტერვიუ მისცა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიასთან მეგობრობასა და მის გავლენაზე გაამახვილა.
კვერნაძემ გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც სპალეტის ნაპოლი ჩემპიონობისკენ მიიწევდა:
ჩვენთვის ის კერპია. იმ წლის ყველა მატჩს ვუყურე, 18 წლის ვიყავი და სკუდეტოს აღსანიშნავად ქუჩაში გამოვედით. ვცდილობდი შემესწავლა მისი მოძრაობები, გადაწყვეტილებები, თამაში. კვარაცხელიამ კარი გაგვიღო, გუნდებმა ჩვენი ქვეყნის აღმოჩენა და ნდობა დაიწყეს
მისი თქმით, ხვიჩა არის დასტური იმისა, რომ იტალიაში სრულიად უცნობი ჩამოხვიდე, სკუდეტო მოიგო და შემდეგ ისეთ გრანდში გადახვიდე, როგორიც პსჟ-ა.
ინტერვიუში გიორგიმ ხვიჩას მხრიდან გამოჩენილ განსაკუთრებულ თანადგომაზეც ისაუბრა:
როდესაც ორი წლის წინ ტრავმა მივიღე, მან თავის პირად ფიზიოთერაპევტთან დამაკავშირა. ახლა ის ყოველთვის გვიყურებს... ახლა ჩემი ჯერია, კვარას ტრავმის დროს გვერდში დავუდგე
კვერნაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც საფეხბურთო ქვეყნის სიმბოლურ მნიშვნელობასაც:
4 მილიონამდე ადამიანისგან შემდგარი ქვეყანა ვართ და ფეხბურთს ყველა ადევნებს თვალს. ჩვენ ვთამაშობთ ჩვენი დროშისთვის და გვსურს, ის მთელ მსოფლიოში ცნობილი გავხადოთ. კალაძე პირველი იყო, კვარა - მეორე, ახლა კი ჩვენი ჯერია
მიმდინარე სეზონში ფროზინონეს შემადგენლობაში გიორგი კვერნაძემ უკვე 11 მატჩი ჩაატარა (ყველა ტურნირზე), სადაც 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.