-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრებს ბოლო ხუთ წელიწადში, მხოლოდ 9 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ იყო, აქედან 7 ამხანაგური - ერთა ლიგის პლეი-ოფებს, ლუქსემბურგთან და სომხეთთან, კვარა დისკვალიფიკაციის გამო დააკლდა.
აქედან ორ შემთხვევაში ნაკრებმა ორი ცენტრალური ფორვარდით ითამაშა - ლუქსემბურგთან ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალაში მიქაუტაძეს ბუდუ ზივზივაძე შეუწყვილდა, ხოლო 2026 წლის ივნისში რუმინეთს ზივძივაძისა და ქვილითაიას დუეტმა შეუტიეს.
ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგა 2-ის გასულ ტურში გაიტანა და ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა - ნამდვილად შეგვიძლია ჰაიდენჰაიმის ფორვარდი კვარას შეცვლის ერთ-ერთ რეალურ ვარიანტად განვიხილოთ. მით უმეტეს, მას შემდეგ რაც სვანაძემ უკანასკნელ მატში ბუდუ ძირითად შემადგნელობაში ათამაშა.
თუ გიორგი მიქაუტაძეს ნაკრების ძირითად ფორვარდად განვიხილავთ, რაზეც დიდი ალბათობით კითხვები არ უნდა იყოს, რამაზ სვანაძის განაცხადში კვარას შეცვლის კიდევ ხუთი კანდიდატია - წიტაიშვილი, ეგოიანი, დავითაშვილი, კვერნაძე, გულიაშვილი და გაგუა.
ჟორჟთან ამ უკანასკნელის შეწყვილება ნაკლებად სავარუდოა. წიტაიშვილმა სვანაძის ბოლო სამი მატჩიდან ორში მარცხენა ფლანგის მცველად ითამაშა, ჩრდილოეთირლანდიასთან კი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე შემოვიდა - სწორედ ამიტომ, წიტაიშვილის ვარიანტიც ძნელად სავარაუდოა, თუმცა არა გამორიცხული.
გიორგი გულიაშვილი და გიორგი კვერნაძე პოზიციურად კვარას პირდაპირი შემცვლელები არიან - გულიაშვილს ნაკრების მაისურით სულ შვიდი მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან ოფიციალური მხოლოდ ოთხი იყო და ეგეც სულ 56 წუთი. ამას ესპანეთში გიორგის არც ისე კარგი სათამაშო პრაკტიკა ემატება, რაც გულაიშვილის ვარიანტს თითქმის გამორიცხავს.
ნაკრებში ჩატარებული მატჩების სიუხვით ვერც კვერნაძე დაიკვეხნის, 9 მატჩი - აქედან 5 ოფიციალური, თუმცა გიორგის იტალიის სერია ა-ში აკრეფილი ფორმა მის კანდიდატურას საკმაოდ სერიოზულს ხდის.
5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა 12 მატჩში ფროზინონეს მაისურით და მეხუთე ადგილი წარმატებული დრიბლინგების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელით ევროპის ტოპ 5 ლიგაში - ქათველი გარემარბი იტალიაში დაფრინავს. ამასთან ერთად კვერნამ ერთა ლიგის ამ გათამაშების პირველი ოთხი მატჩიდან სამში მიიღო მონაწილეობა, რაც კვარას შემცვლელების სიაში მის კანდიდატურას კიდევ უფრო წინ წამოწევს.
კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც შესაძლოა მომავალ მატჩებში კვარა შეცვალოს, ზურიკო დავითაშვილია. 25 წლის ფეხბურთელს, რომელიც მარცხენა და მარჯვენა ფლანგებსა და ათიანის პოზიციაზე თითქმის თანაბრად თამაშობს, ზემოთჩამოთვლილთაგან ნაკრებში თამშის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს - დავითაშვილს საქართველოს ნაკრებში 58 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 33 მარჯვენა ფლანგზე, 4 მარცხენაზე, ხოლო 21 შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.
იმ დროის განმავლობაში, როდესაც ზურიკო ათიანზე თამაშობდა, მოედანზე არასდროს ყოფილა გიორგი ჩაკვეტაძე, ხოლო მომავალ მატჩებში უდინეზეს შემტევის მოედანზე ყოფნა მეტად სავარაუდოა, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ ზურიკო ითამაშებს, ის ფლანგიდან შეუტევს.
თუმცა რამდენჯერ აქვთ გაზიარებული მოედანი ჩაკვეტაძესა და დავითაშვილს? ძალიან ცოტაჯერ. სწორედ ამიტომ გიორგისა და ზურიკოს ერთად თამაშიც ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია. თუმცა ვნახოთ, იქნებ სვანაძე უნგრელებს სიურპრიზებს უმზადებს.
უყურადღებოდ არც ირაკლი ეგოიანი უნდა დაგვრჩეს - ექსელსიორის ფეხბურთელი ნიდერლანდებში შემტევი ნახევარმცველისა და გარემარბის პოზიციებზე თამაშს თითქმის ერთნაირი წარმატებით ახერხებს. ეს 22 წლის მოთამაშის მესამე სანაკრებო გამოცდილებაა და შესაძლოა რამაზ სვანაძე მის უფრო პროდუქტიულად გამოყენებასაც გეგმავდეს.
რა თქმა უნდა, ამით საქართველოს ნაკრების შეტევის დაკომპლექტების შესაძლო ვარიანტები არ ამოწურულა და სვანაძესა და მის სამწვრთნელო შტაბს კიდევ არაერთი საინტერესო ვარიანტის შემოთავაზება შეუძლიათ, თუმცა ვფიქრობ რომ, ყველაზე მეტად სავარაუდო სწორედ ზემოთ განხილული ვერსებია.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები