მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალში პსჟ-მ ბაიერნი დაამარცხა.
შეხვედრა ატლანტაში გაიმართა და პარიზული გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა, ტაიმის მიწურულს ჯანლუიჯი დონარუმასთან და ნუნო მენდეშთან ბრძოლაში უმძიმესი ტრავმა ჯამალ მუსიალამ მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ფოტო: ჯამალ მუსიალას უმძიმესი ტრავმა
მეორე ნახევარში პარიზულმა გუნდმა უპირატესობა 79-ე წუთზე, დეზირე დუეს გოლის წყალობით მოიპოვა. შემდეგ რამდენიმე წუთის ინტერვალში უხეშობისთვის პარიზელთა ორი ფეხბურთელი - პაჩო და ლუკა ერნანდესი გააძევეს.
თუმცა, 9 კაციანმა პსჟ-მ მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხა - თავი აშრაფ ჰაკიმის პასით უსმან დემბელემ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 79 წუთი გაატარა და პაჩოს გაძევების შემდეგ ადგილი მცველ ლუკას ბერალდოს დაუთმო.
ამ გამარჯვებით პსჟ ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც რეალისა და დორტმუნდს შორის გამარჯვებულს შეხვდება.