გურამ კაშია ივნისში სანაკრებო კარიერას ასრულებს. ამასთან დაკავშირებით, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.
"გურამ კაშია მონუმენტური ფიგურაა ქართული ფეხბურთისთვის. ზოგადად, ახალი კაპიტნის არჩევა იოლი გადაწყვეტილება არ არის, თუმცა ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ, ჩემთვის ძალიან მარტივი გადასაწყვეტი იყო, თუ ვინ გახდებოდა ნაკრების ახალი კაპიტანი.
გურამთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ძალიან ბევრი გვისაუბრია როგორც ფეხბურთზე, ისე ზოგადად ცხოვრებაზე. ჩემი სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო მას. ძალიან სასიამოვნო იყო გურამთან ერთად მუშაობა.
როდესაც ცხოვრების ერთი ნაწილი სრულდება, აუცილებლად იწყება რაღაც ახალი. გისურვებ ყოველივე საუკეთესოს მომავალში", - აღნიშნა სანიოლმა.
გურამ კაშიას დებიუტი ეროვნული ნაკრების რიგებში 2009 წელს, თბილისში, მონტენეგროსთან მატჩში შედგა. ამ დროისთვის, 38 წლის მცველს 128 სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული და ანგარიშზე 3 გოლია.
საქართველოს ნაკრებმა კაშიას კაპიტნობით 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა, ჯგუფური ეტაპი წარმატებით დასძლია და ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.
2 ივნისს, საქართველო-რუმინეთის ამხანაგურ შეხვედრაში, კაშიას 129-ე სანაკრებო მატჩი შედგება, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.