მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს 5 თებერვალია - ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს, 40 წელი შეუსრულდა.
ორი დღის წინ, გამოქვეყნდა მისი ვრცელი ინტერვიუ ესპანელ ჟურნალისტ ედუ აგირესთან ერთად. გთავაზობთ მის სრულ ვერსიას.
"აშშ და საუდის არაბეთი - სხვადასხვა სამყაროა. აშკარაა, რომ MLS უფრო სუსტია"
„როცა აქ მოსვლა გადავწყვიტე, არ მეგონა, რომ საუდის ლიგა ასეთი სწრაფი ტემპებით განვითარდებოდა. ვიცოდი, რომ ერთ ან ორ წელიწადში ჩემპიონატი უკეთესი გახდებოდა - ისეთი, ახლა როგორიც არის. ხალხმა მასზე ცოტა რამ იცის, მაგრამ ბევრს ლაპარაკობს.
მწყინს, როცა ხალხი აშშ-ს და საუდის არაბეთის ჩემპიონატებზე ერთ კონტექსტში ლაპარაკობს, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა სამყაროა. უფრო სუსტია თუ არა MLS-ი? ცხადია. საუდის ლიგასაც ზემოდან უყურებენ. როგორც მივხვდი, ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რას ლაპარაკობს. ეს ლიგა მხოლოდ იმან უნდა შეაფასოს, ვინც აქ თამაშობს.
"მე ყველა დროის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ. ჩემზე უკეთესი არავინ მინახავს"
„ვფიქრობ, ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ, ვისაც ოდესმე უარსებია. ეს ჩემი აზრია. ფეხბურთში ყველაფერს ვაკეთებ: თავით კარგად ვთამაშობ, კარგად ვასრულებ ჯარიმებს, კარგად ვურტყამ მარცხენა ფეხით, სწრაფიც ვარ, ძლიერი ვარ და მაღლა ვხტები.
ზოგს შეიძლება მესი, პელე ან მარადონა უფრო მოსწონდეს, ეს მესმის და პატივს ვცემ. მაგრამ ამბობდე, რომ კრიშტიანუ სრულყოფილი არ არის - ტყუილია. მე ყველაზე სრულყოფილი ვარ.
ცაციაც კი არ ვარ და ისე შევდივარ ტოპ 10 ფეხბურთელში, ვისაც მარცხენა ფეხით ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. იგივე სიტუაციაა თავით გოლებში, პენალტებში, ჯარიმებში... მარჯვენაზე აღარც ვლაპარაკობ.
ვარ თუ არა საუკეთესო ისტორიაში? ვფიქრობ, კი. ჩემზე კარგი არავინ მინახავს. ამას მთელი გულით გეუბნები."
"მესისთან ჯანსაღი მეტოქეობა მქონდა. როგორც სენას და პროსტს"
„მესისთან ცუდი ურთიერთობა არასდროს არ მქონია. 15 წელი ჯილდოების მიღების სცენას ვიყოფდით და ყოველთვის კარგად ვუგებდით ერთმანეთს. მახსოვს, ერთხელ მის საუბარს ინგლისურად ვთარგმნიდი, სახალისო იყო.
ის ყოველთვის კარგად მეპყრობოდა. მესი თავის კლუბს და ნაკრებს იცავდა, მე კი - ჩემსას. ერთმანეთს ვავსებდით, წლების მანძილზე ჯანსაღი მეტოქეობა გვქონდა, როგორც სენას და პროსტს. ფეხბურთისთვის კარგი იქნებოდა, მსგავსი ციფრები კიდევ თუ ვნახეთ. არასდროს არ იცი წინასწარ... მაგრამ მგონია, რომ ამის გამეორება რთული იქნება."
სპორტინგიდან ბარსელონაში შემეძლო გადასვლა
„კამპ ნოუზე თამაში მომწონდა. ისინი მისტვენდნენ, მლანძღავდნენ, მე კი ეს მსიამოვნებდა და იმაზე მეტადაც კი მომწონდა იქ გოლების გატანა, ვიდრე ბერნაბეუზე. თავის დროზე, სპორტინგიდან ბარსაში შემეძლო გადასვლა.
კლუბის წარმომადგენელს შევხვდი, მაგრამ არ გამოვიდა. მათ ერთი წლის შემდეგაც უნდოდათ ცდა, მაგრამ აქ უკვე მანჩესტერი მოვიდა და დაასწრო. ჩემი აზრით, რეალი - მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბია."
„ფლორენტინო პერესი ჩემს შესაძლო წასვლას დათანხმდა. არც ისე კარგად მომექცა, მაგრამ მას ვაფასებ"
„რეალიდან წასვლის მიზეზი? ახალი ეტაპი, ახალი მოტივაცია. ეს არის ის, რაც პრეზიდენტს ვუთხარი და ის დამთანხმდა. მოლაპარაკებების ეტაპზე ვიყავით და ის არც ისე ლამაზად მომექცა. თუმცა, მისი მესმის - ის სულ ასე აკეთებს. იყო მომენტი, როცა ის უკან დახევას აპირებდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო - იუვენტუსისთვის სიტყვა მქონდა მიცემული.
ბერნაბეუზე დაბრუნება? ოდესმე, შესაძლებელია. ამას არ გამოვრიცხავ. იქ მემკვიდრეობა დავტოვე, ძალიან კარგი კვალი. შესაძლოა, როცა კარიერას დავასრულებ, იქ სხვა, რაიმე ძალიან მაგარი გავაკეთო. ხალხი დღემდე აფასებს იმ დუელებს ბარსელონასთან. კვირიდან კვირამდე დაუჯერებელი დაძაბულობის პირობებში ვცხოვრობდით. გულშემატკივრები, ტელევიზია - ყველა თამაშს განიხილავდა. "რეალი - ბარსელონა", "კრიშტიანუ - მესი", "პიკე - რამოსი". მაგარი იყო, ეს მეტოქეობა არსებობდა და ძალიან ჯანსაღი იყო."
"50 საუკეთესო მწვრთნელიდან 48 - ფეხბურთს თავადაც თამაშობდა. იმას, ვინც გასახდელშიც და მოედანზეც არ ყოფილა, ძალიან უჭირს"
„კარლო ანჩელოტი ძალიან მომწონს - ის შთამბეჭდავი ადამიანია, საფეხბურთო სენიორი. ერთად ბევრი რამ მოვიგეთ. რეალში უდიდესი ზეწოლაა, მაგრამ ის ამასაც მიჩვეულია. 90% შემთხვევაში მწვრთნელებს საფეხბურთო კარიერა ეხმარებათ. ის, ვინც გასახდელშიც და მოედანზეც არ ყოფილა, წარმატებას რთულად აღწევს. 50 საუკეთესო მწვრთნელიდან 48-ს ფეხბურთი თავადაც აქვს ნათამაშები.
ბევრი მწვრთნელისგან მისწავლია. რაიმე არც ისე დადებითი? ზოგი ძალიან ცუდი იყო... ისეთი, რომელსაც ფეხბურთში არაფერი გაეგება, რომლებიც ფიქრობენ, რომ უდაბნოში უკანასკნელი კოკა-კოლა იპოვეს. ამას მიჩვეული ვარ, მაგრამ ისინი მართლა ძალიან ცუდები არიან."
"ჩემი ბრალი არ არის, რომ ყველაზე პოპულარული ვარ. ხალხს კრიშტიანუ უყვარს"
„ჩემი ბრალი არ არის, რომ ყველაზე ცნობილი ვარ და ყველაზე მეტი გამომწერი მყავს. ხალხს კრიშტიანუ უყვარს. რატომ უნდა ვიფიქრო შეუძლებელზე - მაგალითად ბარში წასვლაზე, სადაც ვერ მიცნობენ? მე სხვანაირი ვარ და წერტილი. ციფრები არც ფეხბურთში და არც მის ფარგლებს გარეთ არ იტყუება, ამიტომ მე ზედმეტად სატრაბახო არაფერი მაქვს. თუ რაიმეთი ვტრაბახობ, ესეიგი ეს სიმართლეა."
„მბაპეს ადგილზე, კრიშტიანუსავით ვითამაშებდი. რეალში რომ ვიყო, ცხრიანზე თამაშს ვასწავლიდი"
ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში მბაპეს ცოტათი სიცოცხლეს ურთულებს, იმიტომ რომ მან იქ თამაში არ იცის... უფრო სწორედ, ეს მისი პოზიცია არ არის.
რეალში რომ ვიყო, მას ცხრიანზე თამაშს ვასწავლიდი. იმიტომ, რომ მეც არ ვიყავი თავდამსხმელი. მის ადგილზე, კრიშტიანუსავით ვითამაშებდი. ის სწრაფია, ძლიერი და ყველაფერი აქვს საამისოდ.
რეალის გულშემატკივრებს ვეუბნები, რომ მას გაუფრთხილდნენ. კილიანი ძალიან კარგია, ის ქომაგებს დიდ სიხარულს მოუტანს. მბაპე ძალიან მიყვარს - მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვობაში მისი კუმირი ვიყავი. მართლა მგონია, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც მადრიდს უდიდეს სიხარულს მოუტანს."
"ოქროს ბურთი ვინისიუსს უნდა მოეგო. ასეთი რამ მეც ორჯერ გადავიტანე - ეს თავს დაუცველად გაგრძნობინებს"
„ოქროს ბურთის შედეგებით გაკვირვებული დავრჩი. ვფიქრობ, ის ვინის უნდა მოეგო, მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სხვაობას ქმნიდა. მან ეს ჯილდო დაიმსახურა და ამის გამო გული ძალიან დამწყდა.
ასეთი რამ მეც ორჯერ გადამხდა. ეს თავს დაუცველად გაგრძნობინებს. თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ აზრი არ აქვს იმ ბრძოლებში ჩაბმას, რომელსაც ვერ მოიგებ."
"წარუმატებელი მატჩის შემდეგ ბნელ ოთახში ვიკეტებოდი, არ ვჭამდი და საკუთარ თავს ველაპარაკებოდი. არ ვნანობ, რომ ასეთი ვიყავი"
"ახლა ბრაზი ნაკლები მაქვს, ვიდრე მაშინ, როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, თუმცა ახლაც გამაჩნია. ყველაფერი, რაც მოედანზე ხდება, მოედანზე რჩება. სახლში საფეხბურთო პრობლემებით ვერ დავბრუნდები.
თუმცა, ადრე უფრო რთული იყო. მადრიდში, თუ საგოლე შანსებს ვერ ვიყენებდი, ან პენალტს ვაფუჭებდი - ბნელ ოთახში ვიკეტებოდი და ძალიან ცუდად ვიყავი. ვახშმის გარეშე ვიძინებდი, ჩემს თავს ველაპარაკებოდი. არ ვნანობ, ასეთი რომ ვიყავი.
სულ ასეთი ვიყავი, პატარაობიდან. ამის გამო, მეზობლებმა მტირალაც შემარქვეს. როცა ვაგებდი, ბრაზი მატირებდა. ეს ჩემი ცხოვრების წესი იყო, მაგრამ ნელ-ნელა გავიზარდე. თუმცა, იმ ხასიათის ნაწილი დღემდე მაქვს, ამის გამო მინარჩუნებდა მოტივაციაც. შვილები მეკითხებიან, მოედანზე ამ ჟესტებს რატომ ვაკეთებ, მსაჯს რატომ მივმართავ, მე კი უბრალოდ ვპასუხობ, რომ მათი მამა ასეთია."
"თუ 1000 გოლამდე ავალ - ძალიან კარგი იქნება. მაგრამ ამაზე არ ვიციკლები - ისედაც ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ვარ"
"ხალხს 1000-გოლიანი ნიშნული აღელვებს. ბევრ გოლს ვიტან, მაგრამ ამას ვერ აფასებენ, ისინი უბრალოდ ამბობენ: "მას კიდევ 85 სჭირდება", მე ეს არ მომწონს, საერთოდ.
ყველაფერი ბუნებრივად უნდა ხდებოდეს - გავიტან 920 გოლს, თუ 930-ს, ისედაც ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ვარ. თუ 1000-მდე ავედი, კარგი იქნება.
არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამის გაკეთებას. აწმყოთი ცხოვრება ბევრად კარგია, ვიდრე ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზე ფიქრი. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ამის მიღწევას ვისურვებდი, მაგრამ არა ჩაციკლვის დონეზე. დგება მომენტი, როცა განურჩევლად იმისა - რამდენად კარგი ხარ, ან რამდენად ცუდი, ხალხი უბრალოდ ლაპარაკობს და რაღაც ახალს იგონებს."
"საუდის არაბეთში უფრო მეტს ვთამაშობ, ვიდრე ევროპაში. ტრავმების ასარიდებლად ყველაფერს ვაკეთებ"
„ბევრი რამ ვიცი ძალიან კარგად, მათ შორის - ვარჯიში და აღდგენითი პროცედურებიც. ვიცი, რომ ფეხბურთზე ბევრ ფეხბურთელს შევუცვალე წარმოდგენა. კარიერაში 23-25 მწვრთნელი მყავდა.
ფეხბურთელები ხშირად წუწუნებენ მატჩების რაოდენობაზე, ტრავმებზე. არაბეთში უფრო მეტს ვთამაშობ, ვიდრე ევროპაში. რატომ არ დავზარალდი? იღბლის ფაქტორიც არის, მაგრამ ასევე ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ტრავმები ავირიდო. ჩემს შემთხვევაში - ეს სპეციალური ვარჯიშებია და მათი რაოდენობის შემცირება. სტეფანო პიოლიმ და ლუიშ კაშტრუმ (ალ ნასრის ახლანდელი და ყოფილი მწვრთნელები) ეს გაიაზრეს. ახლა აღარ ვარ ისეთი ამტანი, როგორც 21 წლის ბიჭი.
"მწვრთნელობა საჩემო არ არის. არ გამოვრიცხავ, კლუბის მფლობელი გავხდე"
„ვემზადები კარიერის შემდგომი ცხოვრებისთვის. ვფიქრობ მომავალ კომპანიებზე და ისეთ საქმიანობაზე, რომელიც ჩემს მოტივირებას შეძლებს, დაეხმარება საზოგადოებას და ახალგაზრდა ადამიანებს. სასტუმროები, საავადმყოფოები, აღდგენითი პროცესების კომპანიები. ვაკეთებ იმას, რაც დროის კარგად გაყვანაში დამეხმარება და ხალისს შემინარჩუნებს. აშკარაა რომ რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, როცა დრო მოვა, ამისთვის მზად ვიქნები. პეპეს ველაპარაკე, რომელმაც კარიერა ახლახანს დაასრულა - ის ამბობს, რომ თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე ოდესმე.
ერთ-ერთია ის შვება, რომ თავს განებებს რაც შეიძლება დიდხანს კარიერის გაგრძელების იდეა. როცა ფეხბურთიდან მიდიხარ, საკუთარი თავით ამაყობ და ამბობ, რომ ამაზე მეტი შეუძლებელია. თუ 42 წლის ასაკში წავალ - ეს დიდი ასაკი იქნება, ჩემთვის საჩუქარი. საკუთარ თავს თამაშს ძალიან ვუძღვნი და საკმაოდ ცოტას ვცხოვრობ. ჩემი ქალიშვილის, ალანას დაბადების დღეს, ნაკრებში ვიყავი. ეს უფრო და უფრო მირთულდება. ასაკი გვემატება, ელიტური სპორტისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, საკუთარ თავზე ვიზრუნე და ჩემი სხეული ახლა მიბრუნებს იმ ყველაფერს, რასაც ამდენი წლის მანძილზე ვაძლევდი.
მინდა თუ არა მწვრთნელობა? არა. მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვთამაშობ, მწვრთნელობა კი კიდევ უფრო რთულია. არამგონია, ჩემი პიროვნულობა ამ პროფესიას შეეფერებოდეს, ეს არ მჭირდება. კლუბის მფლობელობა? ეს ბევრად უფრო ლოგიკურია და ამას არ გამოვრიცხავ. თუ კარგი ბიზნესი გამოვა, სრულიად შესაძლებელია."
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები