კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების დაცვისთვის გადარიცხული ფულის თაობაზე დაწყებული გამოძიების ფიგურანტად იქცა.
Le Canard Enchaîné-ს ინფორმაციით, მბაპეს სახელი ფიგურირებს ადმინისტრაციულ გამოძიებაში, რომელსაც საფრანგეთის ეროვნული პოლიციის ინსპექცია (IGPN) აწარმოებს. საქმე ეხება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფრანგი ფეხბურთელების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულ პოლიციელებს — კერძოდ, ეროვნული პოლიციის სპეციალური დანაყოფის (CRS) ხუთ წევრს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან იმაში, რომ მბაპესგან მნიშვნელოვანი თანხა მიიღეს.
ფრანგული ფინანსური დაზვერვის სამსახურის დოკუმენტის მიხედვით:
2023 წლის ივნისში მბაპესგან ოთხი ოფიცერის ანგარიშზე 30 ათასი ევრო ჩაირიცხა
მეხუთე პოზიციელმა - ჯგუფის მეთაურმა, ფეხბურთელისგან 60 300 ევრო მიიღო. ჯამში, მბაპემ 180 300 ევრო გადარიცხა.
ფეხბურთელის განმარტებით, მან გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მიღებული პრემია გუნდის უსაფრთხოების წევრებისთვის და საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გადაეცა მთლიანად. ასევე, მბაპეს თქმით, ყველაფერი მისი იურისტის კონსულტაციით მოხდა, რომელმაც დაუდასტურა, რომ კანონის მიხედვით, ქველმოქმედების მიმღებებს საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა არ ევალებათ.
გამოძიების მთავარი კითხვა კი მდგომარეობს იმაში, რომ გაირკვეს: იყო თუ არა ეს რეალურად ქველმოქმედება, თუ კერძო დაცვის მომსახურება? განსაკუთრებით საეჭვოა ჯგუფის მეთაურის როლი, რომელიც შემჩნეულია მბაპესთან ერთად მისი კამერუნსა და ვოლკლუზში 2023 წელს პირადი ვიზიტების დროს.