ლივერპულის ვიცე-კაპიტანმა, ენდი რობერტსონმა დაადასტურა, რომ იანვარში ტოტენჰემთან მოლაპარაკებებს მართავდა, თუმცა საბოლოოდ ენფილდზე დარჩენა ამჯობინა.
ლონდონელებმა შოტლანდიელი მცველის სანაცვლოდ მოულოდნელი წინადადება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას წარადგინეს. რობერტსონს კლუბთან კონტრაქტის ბოლო თვეები აკავშირებს და თავიდან ლივერპული მის გაშვებასაც კი განიხილავდა, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეცვალეს. თავად ფეხბურთელიც მყარად იყო განწყობილი:
„ინტერესი ნამდვილად არსებობდა და კლუბებს შორის მოლაპარაკებებიც მიდიოდა, მაგრამ მე დარჩენა გადავწყვიტე. ლივერპულმა ყველაფერი მომცა, მე კი კლუბს ჩემი მაქსიმუმი მივუძღვენი. სანამ აქ ვჭირდები, ბოლომდე ერთგული ვიქნები“, — განაცხადა რობერტსონმა.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ენდიმ ძირითადში ადგილი მილოშ კერკეზთან დათმო, ის კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალ კონტრაქტზე საუბარს მაინც აგრძელებს. მისი თქმით, სპორტულ დირექტორთან და სხვა ხელმძღვანელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და მოლაპარაკებები „ოჯახურ წრეში“, საჯაროობის გარეშე გაგრძელდება.