ფიფამ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის თხოვნა დააკმაყოფილა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდგომი ინციდენტების გამო დაწესებული დისკვალიფიკაციები შეასუბუქა.
ახალი გადაწყვეტილებით, სანქციების მოხდა როგორც ოფიციალურ საერთაშორისო მატჩებში, ისე ა კლასის ამხანაგურ შეხვედრებშიც იქნება შესაძლებელი.
სასჯელი შეეხო რამდენიმე პირს: ლეანდრო პარედესს 10-მატჩიანი, ნაუელ მოლინას 7-მატჩიანი, ხოლო რობერტო აიალას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეცა. ტიაგო ალმადასა და ესპანეთის ნაკრების წევრ გავის კი თითო-თითო მატჩი აქვთ გამოსატოვებელი.
აღნიშნული სასჯელები მხოლოდ სანაკრებო შეხვედრებზე ვრცელდება და საკლუბო მოვალეობებზე გავლენას არ ახდენს. მიუხედავად ამისა, AFA წერილობითი დასაბუთების მიღების შემდეგ სააპელაციო კომიტეტში გასაჩივრებას გეგმავს და საჭიროების შემთხვევაში საქმეს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოშიც (CAS) გაასაჩივრებს.
არგენტინულმა მხარემ ტურნირზე დაფიქსირებული დარღვევების გამო (არასპორტული საქციელი, გუნდის არასათანადო ქცევა, დისკრიმინაციული ეპიზოდები, უსაფრთხოებისა და მაყურებელთა ქცევის წესების დარღვევა, აგრეთვე ინგლისთან ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ ლას-მალვინასის წარწერიანი დროშის გამოფენა) 321,000 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმაც მიიღო.
დისკრიმინაციული ქმედებების გამო ფიფამ არგენტინას მომდევნო ორი საშინაო მატჩის 50-პროცენტიანი ტევადობით ჩატარება დაავალდა, თუმცა ერთი მატჩი და ჯარიმის 100,000 დოლარი საგამოცდო პერიოდით შეჩერდა.
შედეგად, ნაკრები უახლოეს საშინაო თამაშს ტრიბუნების ნახევარი შემადგენლობით ჩაატარებს, ხოლო მეორე სანქციის აღსრულება სამომავლო ქცევაზე იქნება დამოკიდებული. გარდა ამისა, ჯარიმიდან 100,000 დოლარი მიზნობრივად ანტიდისკრიმინაციულ გეგმას უნდა მოხმარდეს.