-
Aa
+
ფონტის ზომა
გარკვეული ასაკის ინგლისელ გულშემატკივრებს რომ ჰკითხოთ, რომელი გუნდი არ უყვართ ყველაზე მეტად, ბევრი მათგანი იტყვის „ლივერპულს“. 1970-იან და 80-იან წლებში, დაახლოებით ოცწლიან პერიოდში, ინგლისურ ფეხბურთში ხომ არცერთი გუნდი არ ყოფილა მერსისაიდელებზე წარმატებული, წარმატება კი შურსა და ანტიპათიას იწვევსო, ამბობენ.
ხსენებულ პერიოდში „ლივერპულმა“ მართლაც შესანიშნავი გუნდი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ბირთვი ხშირად უცვლელი რჩებოდა — განსაკუთრებით, ლეგენდარული კენი დალგლიში, რომელიც 1977 წლიდან 80-იანი წლების ბოლომდე თამაშობდა — გუნდი ორი დეკადის განმავლობაში მუდმივად ვითარდებოდა.
ბევრი მიიჩნევს, რომ „წითლების“ ბოლო დიდი გუნდი — ჯონ ბარნსის, პიტერ ბირდსლისა და ჯონ ოლდრიჯის ტრიოთი — მათ შორის საუკეთესო იყო, განსაკუთრებით, ესთეტიკური თვალსაზრისით. მეტიც, მათი პირველი ერთობლივი, 1987-88 წლების სეზონი, ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ინგლისურ კლუბს შიდა ჩემპიონატში ოდესმე ჰქონია. იმ ეპოქის ქომაგების აზრით, ეს ბრაზილიის თამაშის ყურებას ჰგავდა: ქვეყნის პირველობაზე გატანილი 87 გოლიც ამას ადასტურებს.
მენეჯერმა კენი დალგლიშმა 1986 წელს კლუბის ისტორიაში პირველი საშინაო დუბლის (ჩემპიონატი და ასოციაციის თასი) შემდეგ, ახალი სეზონისთვის გუნდის გადახალისება დაიწყო და მნიშვნელოვნად შეამცირა საკუთარი მოთამაშე-მწვრთნელის სათამაშო დროც, რის შედეგადაც „ლივერპული“ მეორე ადგილზე გავიდა.
დალგლიშმა ასევე გაყიდა კლუბის ლეგენდა და მთავარი ბომბარდირი იან რაში „იუვენტუსში“ 3.2 მილიონ ფუნტად, რაც მაშინ ბრიტანული რეკორდი იყო. ეს თანხა, რა თქმა უნდა, ისევ გუნდისთვის დაიხარჯა და „წითლების“ რიგებს პიტერ ბირდსლი („ნიუკასლიდან“), ნაიჯელ სპეკმანი („ჩელსიდან“), ჯონ ოლდრიჯი („ოქსფორდიდან“) და ვინგერი ჯონ ბარნსი („უოტფორდიდან“) შეუერთდნენ. ბირდსლი, ბარნსი და ოლდრიჯი მომდევნო სეზონში „ლივერპულის“ შეტევას წარუძღვნენ და ისტორიაც დაწერეს.
ბირდსლი დალგლიშის მიერ დატოვებული შემოქმედებითი თავდამსხმელის როლის შესავსებად მოიყვანეს, ოლდრიჯი - რაშის შემცვლელად, ხოლო ჯონ ბარნსი იმ დროის საუკეთესო შემტევი ფეხბურთელი იყო ქვეყანაში და „ლივერპულში“ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა.
სეზონი „ლივერპულმა“ „არსენალთან“ ჯახით დაიწყო „ჰაიბერიზე“. მიუხედავად იმისა, რომ „მეთოფეებს“ წინა სეზონში ლიგის თასის ფინალში დამარცხებული ჰყავდა „ლივერპული“, რევანში შედგა და მერსისაიდელებმა 2:1 იმარჯვეს.
მე-2 ტურში „წითლები“ ლონდონში „ვესტ ჰემს“ დაუზავდნენ, მე-3 ტურიდან მე-12 ტურამდე კი ზედიზედ რვა მატჩი მოიგეს და 24 გოლი გაიტანეს.
„ნიუკასლთან“ სტუმრად გამარჯვებისას (4:1) შოტლანდიელმა სტივენ ნიკოლმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ოლდრიჯმა ერთი გაიტანა, ხოლო ბირდსლიმ შესანიშნავი პასებით დაამშვენა თამაში. „ლივერპული“ შეუდარებელი იყო „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ მატჩშიც (4:0) ბარნსის ბრწყინვალე გოლებით.
ნოემბერში გუნდი შინ თანაქალაქელ „ევერტონს“ დაუპირისპირდა. ბარნსის პასის შემდეგ სტივ მაკმაჰონმა ანგარიში გახსნა, ხოლო ბირდსლიმ მეორე ბურთი შესანიშნავი ტექნიკის წყალობით გაიტანა. „ენფილდის“ ტრიბუნები აღფრთოვანებისგან ადუღდა…
1988 წლის დასაწყისისთვის „ლივერპული“ კვლავ დაუმარცხებელი იყო და 13 ქულით უსწრებდა „ნოტინგემ ფორესტს“. 1-ელ იანვარს „კოვენტრის“ განადგურების (4:0) შემდეგ „არსენალთან“ მატჩში მათ კიდევ ერთი ბრწყინვალე თამაში აჩვენეს და ამჯერად 2:0 სძლიეს დედაქალაქელებს.
თებერვალსა და მარტის პირველ ნახევარში მერსისაიდული გრანდი კვლავ შეუჩერებელი იყო, იქამდე სანამ 20 მარტს, „გუდისონ პარკზე“ პრინციპულ მეტოქესთან მინიმალური სხვაობით დამარცხდებოდა. სეზონის ბოლოსკენ „ლივერპულის“ ფორმა ოდნავ შენელდა, გუნდმა ფრეებს მოუხშირა, თუმცა ჩემპიონატი ოთხი ტურით ადრე მოიგო. „ლივერპულმა“ 40-მატჩიანი პირველობა 90 ქულით, 87 გატანილი გოლით, 26 გამარჯვებითა და მხოლოდ 2 მარცხით დაასრულა.
თუმცა სრულყოფილი ჩემპიონობა არასრულყოფილი გახდა FA თასის ფინალში „უიმბლდონთან“ მარცხის გამო — ეს კი ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია იყო...
მიუხედავად ამისა, თამაშის სტილის მხრივ, ამ სეზონის „ლივერპული“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც ინგლისურ ფეხბურთს ოდესმე უნახავს.
რჩებოდა კითხვა: რა მოხდებოდა ევროპაში? იმ დროს ინგლისური გუნდები ხომ დისკვალიფიცირებულნი იყვნენ „ეიზელის“ ტრაგედიის გამო, „ლივერპული“ კი შესაძლოა, კიდევ უფრო სახელოვანი გამხდარიყო ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე თუკი იასპარეზებდა. ზოგი ახლაც ამტკიცებს, რომ სწორედ ევროტურნირების არქონამ მისცა მერსისაიდელებს ასეთი განვითარების შესაძლებლობაო…
რაც არ უნდა იყოს, თამაშის სტილის მხრივ ეს იყო „ლივერპულის“ პიკი — „წითლები“ ნისლიან ალბიონზე ზენიტში იყვნენ. იმ დროს თქვა სერ ტომ ფინიმ: „ამაზე უკეთეს თამაშს ვერსად ნახავთ, ბრაზილიაშიც კი...“ და ის ნამდვილად მართალი იყო.
1987-88 წლების ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ირლანდიელი ჯონ ოლდრიჯი 26 გოლით გახდა, ბირდსლიმ და ბარნსმა 15-15 გატანილი ბურთი მიითვალეს. ინგლისის პირველობის ორმოცივე შეხვედრა სტივ მაკმაჰონმა და სტივ ნიკოლმა ითამაშეს, „წითლების“ კარს კი გიჟმაჟი ბრიუს გრობელაარი იცავდა — ზიმბაბველმა ულვაშამ 21 მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა.

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები