-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდელები ლა ლიგაში მოქმედ ჩემპიონ ბარსელონას 9 ქულით ჩამორჩებიან, სეზონის დასრულებამდე კი 7 თამაშია დარჩენილი.
მიუხედავად პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ახლო ურთიერთობისა, ალვარო არბელოას პოსტზე დარჩენის შანსები მცირეა. ზოგიერთი წყარო სიფრთხილეს იჩენს და ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა ისტორიულად ცნობილია, რომ მწვრთნელი მადრიდში ტიტულის გარეშე ვერ დარჩება.
The Athletic-ის ინფორმაციით, არბელოამ გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მოულოდნელი შეხვედრა გამართა და რთული სეზონის შემდეგ ერთიანობისა და თავდადების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. რამდენიმე ფეხბურთელმა ბოლო დღეებში არბელოასა და მისი შტაბის მიმართ საჯარო მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ სურთ მწვრთნელმა მუშაობა გააგრძელოს.
ორშაბათ დილით გამართულ პრესკონფერენციაზე არბელოამ განაცხადა:
ჩემი მომავალი უფრო მეტად კლუბზეა დამოკიდებული, ვიდრე ჩემზე... მე ვფიქრობ, რომ მადრიდში არა მხოლოდ წაგებაა მიუღებელი, არამედ მოგებაც კი არ არის ხანდახან საკმარისი, რადგან აქ მოთხოვნის დონე მაქსიმალურია.
მთავარ კანდიდატად აშშ-ის ნაკრების მწვრთნელი, მაურიციო პოჩეტინო უნდა ჩაითვალოს. მის სახელს კლუბის გარშემო ყველაზე ხშირად ახსენებენ. პოჩეტინო პერესს ძალიან მოსწონს, მისი კონტრაქტი კი აშშ-სთან ამ ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იწურება.
მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპმა და მისმა აგენტმა ბოლო თვეებში რამდენჯერმე უარყვეს მისი მადრიდში გადასვლა, ლივერპულის ყოფილ მწვრთნელს მაინც ჰყავს თაყვანისმცემლები რეალში.
ერთ-ერთ კანდიდატად ასევე დასახელდა დიდიე დეშამი. 57 წლის სპეციალისტი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან უდგას სათავეში და მისი კონტრაქტიც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იწურება.
წესით არბელოა მწვრთნელის პოსტს სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს. მოსალოდნელია შეხვედრა საბჭოსა და არბელოას შორის, პერესი კი კლუბში არსებულ სიტუაციაზე საჯარო განცხადების გაკეთებას განიხილავს სეზონის დასრულებამდე.
ასევე იგეგმება მნიშვნელოვანი დისკუსიები იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც კონტრაქტები ეწურებათ. ასეთები არიან კაპიტანი დანი კარვახალი და ანტონიო რუდიგერი. დავიდ ალაბა კი კლუბს დატოვებს, რადგან, როგორც ცნობილია, მისი ხელშეკრულების განახლებას არ აპირებენ.
საინტერესო იქნება ფანების რეაქცია სანტიაგო ბერნაბეუზე სამშაბათს, დეპორტივო ალავესის წინააღმდეგ მატჩისას. მადრიდელი ფანები ამ სეზონში ხშირად უსტვენდნენ გუნდს, მათ შორის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან კილიან მბაპე, ვინისიუს ჯუნიორი და ჯუდ ბელინგემი.
მას შემდეგ, რაც ალონსო გაათავისუფლეს და მადრიდი კოპა დელ რეიდან მეორე დივიზიონის ალბასეტემ გამოაგდო (არბელოას პირველივე მატჩში), ფანებისგან მოწოდებები გაისმა პერესის გადადგომის შესახებ, რაც წლებია არ მომხდარა.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები