ჟოზე მოურინიოს მადრიდის რეალში მისვლასთან ერთად, გუნდის ნახევარდაცვის ხაზში მნიშვნელოვანი ცვლილებები და ახალი პრიორიტეტები იკვეთება.
უკვე ცნობილია, თუ როგორ ხედავს პორტუგალიელი სპეციალისტი სამეფო კლუბის მოედნის ცენტრს მომავალში და ვისზე აპირებს ძირითადი აქცენტის გაკეთებას.
ჟურნალისტ რამონ ალვარეს დე მონზე დაყრდნობით, მოურინიოს მთავარი გეგმა მადრიდის რეალის ნახევარდაცვის ჯუდ ბელინგემისა და ფედერიკო ვალვერდეს გარშემო აშენებაა.
სწორედ ეს ორი ფეხბურთელი წარმოადგენს პორტუგალიელი მწვრთნელისთვის იმ მთავარ ბირთვს, რომელსაც გუნდის თამაში უნდა დაეყრდნოს.
ამავდროულად, მოურინიოს ხედვა განსხვავებულია ორელიენ ჩუამენის მიმართ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი მწვრთნელი ფრანგ ნახევარმცველს ხელშეუხებელ მოთამაშედ არ განიხილავს. მეტიც, ის ჩუამენის იმავე უმაღლეს საფეხურზე არ აყენებს, რომელზეც ბელინგემი და ვალვერდე იმყოფებიან.
ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩუამენის მყარი სტატუსი გუნდში შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს და მოთამაშემ კლუბი დატოვოს.