რომა ზაფხულში შემადგენლობის, მათ შორის დაცვის გასაძლიერებლად ემზადება. სტატიას ამ თემაზე იტალიური Solo La Roma ავრცელებს.
მატს ჰუმელსის კარიერის დასრულებამ ჯალოროსის როგორც გამოცდილება, ისე რაოდენობა მოაკლო უკანა ხაზში. ახალმა სპორტულმა დირექტორმა ფრედერიკ მასარამ კი გასპერინის დაცვის გაძლირებისთვის სწორი მოთამაშეები უნდა შეარჩიოს.
Il Messaggero-ს ცნობით, ყველაზე ცხელი სახელი ჯონ ლუკუმი არის, 1998 წელს დაბადებული ბოლონიას კოლუმბიელი ცენტრალური მცველი, რომლის გამოსასყიდი თანხა 28 მილიონი ევროა, თუმცა ამ პუნქტს მალე ვადა გასდის.
ლუკუმის ტრანსფერის არგამოსვლის შემთხვევაში მასარას ორი ალტერნატივა მზად აქვს - ერთი მარკოს სენესია, ბორნმუთის 28 წლის არგენტინელი მოთამაშე. მეორე კი საბა გოგლიჩიძე, რომელმაც გასულ სეზონში ემპოლიში ნაჩვენები პერფორმანსით ტოპ კლუბების ყურადღება მიიპყრო.
რომას გოგლიჩიძის დამატების სურვილი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც ჰქონდა, თუმცა ტრანსფერი აღარ შედგა და ქართველი მცველი ემპოლიში დარჩა.
ემპოლი სერია ა-დან გავარდა და სავარაუდოა, რომ საბა გოგლიჩიძე კარიერას ტოსკანურ კლუბში აღარ გააგრძელებს.