მადრიდის ატლეტიკო კვირას გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ყველაზე მეტი ფეხბურთელით იქნება წარმოდგენილი.
არგენტინისა და ესპანეთის დაპირისპირებაში მონაწილეობას კლუბის 9 მოთამაშე მიიღებს. L'Équipe-ის ინფორმაციით, მათგან 3 ესპანელია, ხოლო 6 - არგენტინელი.
ორივე ნაკრების შემადგენლობაში მყოფი 52 ფეხბურთელიდან 25 ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობს. წარმომადგენლობის მიხედვით მეორე ადგილზე კატალონიის ბარსელონაა, რომელსაც ფინალში 8 მოთამაშე ჰყავს და რვავე ესპანეთის ნაკრების ღირსებას იცავს.
ატლეტიკოს შემადგენლობით მოქმედ ჩემპიონს, არგენტინას, თითქმის სრული მადრიდული თავდასხმის ხაზის გამოყვანა შეუძლია: სიმეონე მარჯვენა ფლანგზე, ტიაგო ალმადა მე-10 ნომრის პოზიციაზე, ნიკო გონსალესი მარცხნივ, ხოლო ხულიან ალვარესი ცენტრალურ თავდამსხმელად.
ესპანეთის ნაკრებში სამ-სამი ფეხბურთელით არიან წარმოდგენილნი ბილბაოს ატლეტიკი და ლონდონის არსენალი. საფრანგეთის ჩემპიონატიდან კი ყველაზე მეტი მოთამაშე მარსელის ოლიმპიკს ჰყავს - არგენტინელი ხერონომო რული და ფაკუნდო მედინა. პარი სენ-ჟერმენიდან ფინალში ფაბიან რუისი ითამაშებს.