მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა უეინ რუნი მიიჩნევს, რომ ბუკაიო საკას დაბრუნება არსენალს პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარება და მანჩესტერ სიტისთან ბრძოლაში გადამწყვეტი უპირატესობა გახდება.
გასულ უქმეებზე მეთოფეებმა ნიუკასლი 1:0 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდნენ.
არსენალს შანსი აქვს, შაბათს ფულემის წინააღმდეგ გამარჯვებით პეპ გვარდიოლას გუნდზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდოს. საკამ ტრავმის გამო ბოლო ერთი თვე გამოტოვა, თუმცა ნიუკასლთან შეხვედრაში მოედანზე შეცვლაზე შევიდა. რუნი ფიქრობს, რომ სეზონის ფინალურ ეტაპზე მისი დაბრუნება ყველაფერს შეცვლის.
თავის პოდკასტში რუნიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკას შესაძლოა მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფორმა არ ჰქონდეს, ის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და ერთ-ერთი ლიდერია. მისი თქმით, ფორმაში მყოფი საკა პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი მოედანზე ყოფნა სხვა მოთამაშეებსაც, განსაკუთრებით იურიენ ტიმბერსა და ნახევარდაცვის ხაზს, თავდაჯერებულობას მატებს.
რუნიმ დარწმუნებით იწინასწარმეტყველა არსენალის ჩემპიონობა. მას მიაჩნია, რომ მიკელ არტეტას გუნდი დარჩენილ ყველა მატჩს მოიგებს. რუნის აზრით, ნიუკასლთან გამარჯვება საკვანძო იყო და ამან გუნდს მორალური ძალა მისცა.
მანჩესტერ სიტისთან მიმართებაში ლეგენდარულმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ მათ უფრო რთული კალენდარი აქვთ. მაგალითად, შეხვედრები ევერტონთან და ბორნმუთთან, სადაც სიტიმ შესაძლოა ქულები დაკარგოს. რუნი ფიქრობს, რომ არსენალი არცერთ შეცდომას არ დაუშვებს, მანჩესტერული კლუბი კი სადმე აუცილებლად ფეხს წამოკრავს.