მარკუს რაშფორდის სიტუაცია მანჩესტერ იუნაიტედში ჯერ კიდევ გაურკვეველია. ინგლისელი ფორვარდი კლუბის აკადემიის აღზრდილია და მას ერთ დროს ოლდ ტრაფორდის ლეგენდობას უწინასწარმეტყველებდნენ.
რაშფორდი ყოფილი მენეჯერის, ოლე გუნარ სულშერის სწრაფი და მოქნილი შეტევის ხაზის განუყოფელი ნაწილი იყო, ერიკ ტენ ჰაგის ხელში კი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა. ჰოლანდიელი სპეციალისტის წასვლა 2024 წლის ოქტომბერში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა ინგლისელის კარიერაში.
როდესაც ტენ ჰაგის შემცვლელად რუბენ ამორიმი მოვიდა, რაშფორდს მშრალი სერია დაეწყო. 28 წლის ფეხბურთელმა ვერ შეძლო პორტუგალიელი მწვრთნელის დარწმუნება, დაკარგა ადგილი შემადგენლობაში და ზამთარში იჯარით ასტონ ვილაში გაუშვეს. მიუხედავად ვილა პარკზე ნაჩვენები კარგი თამაშისა, ამორიმი მაინც არ დარჩა კმაყოფილი და გასულ ზაფხულს რაშფორდი ბარსელონას ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. ეს გადაწყვეტილება გენიალური გამოდგა, რადგან ფეხბურთელმა კამპ ნოუზე გაიბრწყინა.
ლა ლიგაში გამოჩენისთანავე რეშფორდმა შესანიშნავი თამაში დაიწყო და ამ სეზონში ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა შეტევაში. მან 45 მატჩში (აქედან 23 ძირითადიდან) 13 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონას უფლება აქვს სეზონის ბოლოს ინგლისელი 30 მილიონ ევროდ გამოისყიდოს, რაც მისი ფორმის გათვალისწინებით ნამდვილი საჩუქარია. მიუხედავად ამისა, The Peoples Person-ის მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, კატალონიელები ამ უფლების გამოყენებას არ აპირებენ. ვარაუდობენ, რომ ლა ლიგის გიგანტები ფასის შემცირებას ან კიდევ ერთწლიან იჯარას მოითხოვენ. ნაკლებად სავარაუდოა იუნაიტედი ამ პირობებს დათანხმდეს, რადგან ფეხბურთელის მიმართ ინტერესი იზრდება. ბოლო ცნობებით, რაშფორდით ტოტენჰემი და ნიუკასლიც ინტერესდებიან.
Football Insider-ის თანახმად, იუნაიტედს სურს რაშფორდი სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გაასხვისოს, რათა თავიდან აიცილოს ზედმეტად მაღალი ხელფასის გადახდა. თუ წითელი ეშმაკები ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ, ინგლისელს კონტრაქტით ხელფასი ავტომატურად ეზრდება, რაც კლუბს არ აწყობს.
პრემიერ ლიგის გრანდი ამჟამად მესამე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობით, შესანიშნავ ფორმაშია (ბოლო 12 მატჩიდან 8 მოგება).
ჟურნალისტმა პიტერ ო'რურკმა Transfer Insider-ის პოდკასტში აღნიშნა:
რაშფორდს სურს კამპ ნოუზე დარჩენა, რადგან იქ საუკეთესო ფორმა დაიბრუნა. თუ ბარსელონასთან შეთანხმება ვერ შედგა, მას მანჩესტერში დაბრუნება მოუწევს. რა თქმა უნდა, იუნაიტედი მოხარული იქნება მისი გაშვებით, რათა სახელფასო უწყისი შეამსუბუქოს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში მისი ანაზღაურება იზრდება.