ჯესი ლინგარდი, რომელიც ამჟამად ბრაზილიურ კლუბში ასპარეზობს, მიიჩნევს, რომ თომას ტუხელის გუნდს ყველა რესურსი აქვს ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართ მუნდიალზე ტრიუმფისთვის.
33 წლის ნახევარმცველმა, რომელმაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებთან ერთად ნახევარფინალს მიაღწია, BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გუნდის ხარისხში ეჭვი არ ეპარება.
მჯერა ბიჭების. ვიცი, რამდენად ძლიერები არიან და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომაც ვერ უნდა მოვიგოთ
ბრაზილიაში გადაბარგებულმა ლინგარდმა ასევე გაამჟღავნა, რომ კონტაქტი აქვს ნეიმართან, რომელიც მშობლიურ სანტოსში დაბრუნდა. ინგლისელი მოუთმენლად ელის მოედანზე ბრაზილიელ ვარსკვლავთან შეხვედრას. ჯესიმ ხუმრობით გაიხსენა ძველი მომენტიც, როდესაც მარკუს რაშფორდს ნეიმართან ამინდზე საუბრის გამო დასცინოდა და აღნიშნა, რომ ახლა თავად შეუძლია ბრაზილიურ მზეზე ესაუბროს ლეგენდარულ შემტევს.
ლინგარდმა სან-პაულუს კორინთიანსში უკვე მოასწრო ისტორიის დაწერა: იგი გახდა პირველი ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელმაც ბრაზილიის თასზე გოლის გატანა შეძლო. მიუხედავად კრიტიკისა, ფეხბურთელი ამბობს, რომ ლიგის დონე ძალიან მაღალია და მისი მიზანი ტიტულის მოპოვებაა.
ჯესი ასევე შეეხო ადგილობრივ ფანებს და აღნიშნა, რომ ასეთი ჩართულობა არსად უნახავს:
ფანები საწვრთნელ ბაზაზე მოდიან და პირისპირ გველაპარაკებიან. მათი ჩართულობა მხოლოდ დამატებით მოტივაციას გვაძლევს
ამჟამად ლინგარდი პორტუგალიური ენის შესწავლას ცდილობს, რათა გუნდთან ინტეგრაცია უფრო გაუმარტივდეს.