ტოტენჰემმა და ნიდერლანდების ნაკრებმა უმძიმესი დარტყმა მიიღეს. სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ ჩავი სიმონსმა ვულვზთან მატჩში მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.
23 წლის ფეხბურთელი მოედანს მინიმუმ 8 თვით ჩამოშორდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს და გამოტოვებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატსაც.
სიმონსმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
„ამბობენ, ცხოვრება სასტიკიაო და დღეს სწორედ ასე ვგრძნობ თავს. ჩემი სეზონი მოულოდნელად დასრულდა. გულწრფელად გეტყვით.. გული გამიტყდა. ყველაფერი, რაც მინდოდა, ჩემი გუნდისთვის ბრძოლა იყო, ახლა კი ეს შესაძლებლობა წამართვეს...მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად. ამასთან შეგუებას დრო დასჭირდება, მაგრამ საუკეთესო თანაგუნდელად დავრჩები. მოთმინება იქონიეთ, მე დავბრუნდები.“
ტოტენჰემისთვის, რომელიც პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, ეს კატასტროფული დანაკარგია. გუნდს უკვე აკლია კრისტიან რომერო, ვილსონ ოდობერი და დეიან კულუშევსკი.
ისინი ამჟამად მე-18 ადგილზე არიან და დარჩენილ ოთხ ტურში ასტონ ვილასთან, ლიდსთან, ჩელსისთან და ევერტონთან მოუწევთ გადამწყვეტი ბრძოლა სიმონსის გარეშე.