მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე დღეს პირველი ფინალისტი გაირკვევა.
პირველ 1/2 ფინალში ერთმანეთს ბრაზილიური ფლუმინენსე და ინგლისური ჩელსი დაუპირისპირდებიან.
გზა ფინალამდე
ფლუმინენსემ F ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა - 3 მატჩში გუნდმა 1 მოიგო და 2-ჯერ ფრე ითამაშა, შედეგად 5 ქულით ჯგუფის ლიდერობა დორტმუნდის ბორუსიას დაუთმო.
1/8 ფინალში ბრაზილიურმა კლუბმა სენსაციურად დაამარცხა ინტერი (2:0), შემდეგ კი ალ ჰილალის ბარიერი (2:1) გადალახა და ნახევარფინალამდე მივიდა. გუნდს 40 წლის ვეტერანი, ტიაგო სილვა კაპიტნობს და როგორც იტყვიან, მოედანზე სულს და გულს ტოვებს.
რაც შეეხება ჩელსის - მარესკას გუნდმა ჯგუფის 3 მატჩში 2 შეხვედრა მოიგო და ერთხელ დამარცხდა. სხვათაშორის, ის ერთადერთი მარცხი ბრაზილიურ გუნდზე მოდის - ფლამენგომ ლონდონელებს 3:1 მოუგო.
1/8 ფინალში ჩელსიმ ბენფიკას ბარიერი გაიარა (4:1 დამატებით დროში), შემდეგ კი ბრაზილიურ პალმეირასს აჯობა (2:1). ამ ტურნირზე მონაწილე 4 ბრაზილიური გუნდიდან ჩელსის 3-თან მოუწია შეხვედრა. ერთადერთი, ვისაც ეს პატივი არ ხვდა წილად - ბოტაფოგოა, რომელიც ასევე ბრაზილიურმა პალმეირასმა გამოაგდო მერვედფინალში.
ჩელსისა და ფლუმინენსეს შორის ეს ისტორიაში პირველი დაპირისპირება იქნება.