-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში საუკეთესო, 2024 წელი ოფიციალურად დაასრულა.
მართალია, პარასკევს შევიტყობთ ჩვენი B დივიზიონში დარჩენისთვის სათამაშო პლეიოფის მეტოქეს, თუმცა ამ კალენდარულ წელიწადში საქართველოს ნაკრები თამაშებს აღარ ჩაატარებს, რაც საშუალებას იძლევა, მცირე შეჯამება შემოგთავაზოთ და ერთად გავიხსენოთ, როგორი გამოვიდა 2024 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის.
2024 წელი საქართველოს ნაკრებისთვის მარტში დაიწყო, როცა ევროპის ჩემპიონატზე გამვლელი ორი საპლეიოფო მატჩი ჩავატარეთ და ორივე - დინამო არენაზე.
21.03 საქართველო 2:0 ლუქსემბურგი
მატჩი, რომელმაც ყველაფერს დაუდო სათავე - დისკვალიფიკაციის გამო თამაშის გამოტოვება ხვიჩა კვარაცხელიას მოუწია, თუმცა მის გარეშეც ნაკრებმა კარგი პერფომანსითა და ბუდუს დუბლით შეძლო მეტოქის დამარცხება და ფინალი გაინაღდა - ისევე, როგორც 2020-ში, საქართველოს ისტორიაში პირველ დიდ ტურნირამდე ერთი მოგება აშორებდა.
26.03 საქართველო 0:0 საბერძნეთი (4:2 პენალტები)
საქართველოს ისტორიაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელიც 120-ვე წუთის მანძილზე დაძაბულობით და ფეხბურთელების შეუპოვარი ბრძოლით იყო გამორჩეული. ერთხელ ჩვენი კარი ხარიხამაც იხსნა და საბოლოოდ, საქმე პენალტებამდე მივიდა. არცერთ ქართველს არ დაავიწყდება ის პენალტები სერია, განურჩევლად იმისა, სტადიონზე უყურებდა თამაშს, სახლიდან თუ საერთოდ - სხვა ქვეყნიდან. მიქაუტაძის აცილების შემდეგ სასოწარკვეთაში ჩავარდნილი პუბლიკა, ბერძნების მორიგი აცილება, კვეკვესკირის გადამწყვეტი პენალტი დაააააააააააააააა - საქართველო ისტორიაში პირველად ევროზე ითამაშებს. აღიარე, ახლა, ამის კითხვისას და იმ მოვლენების გახსენებისასაც კი დაგბურძგლა. არასდროს ყოფილა საქართველო ისეთი ერთიანი, როგორიც 27 მარტის დილას.
09.06 მონტენეგრო 1:3 საქართველო
3-თვიანი პაუზის შემდეგ ყველასთვის ასე მონატრებული ნაკრები ევროსთვის მზადების პროცესში მონტენეგროს სტუმრად, ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და 3:1 მოიგო კიტეიშვილის, მიქაუტაძის და ბუდუ ზივზივაძის გოლებით. ერთი სამწუხარო ფაქტი, რომელიც ამ შეხვედრაში დაფიქსირდა - 50-ე წუთზე კიტეს ტრავმა იყო, რის გამოც შტურმის ნახევარმცველს ევროზე პირველი ორი მატჩი გაუცდა - თურქეთთან და ჩეხეთთან.
18.06 თურქეთი 3:1 საქართველო
და აი ისიც - პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე. თურქებთან მართალია დავმარცხდით, თუმცა იმ შეხვედრის შემდეგ ყველა ჩვენს ნაკრებზე ლაპარაკობდა და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ხალხი ამ მატჩს ევრო 2024-ზე საუკეთესოდაც კი მიიჩნევდა. ანგარიში მატჩის მიმდინარეობას სულაც არ ასახავს - 1:2-ზე ანგარიშის გათანაბრებასთან ხშირად ვიყავით, ბოლო წამებზე მეტოქის კართან დანიშნულ კუთხურზე გოლის გატანის იმედად მამარდაც კი ჩავიდა, რის გამოც დავისაჯეთ და კონტრშეტევაზე ცარიელ კარში გოლი მივიღეთ. თუმცა, როგორც ამბობენ - მატჩი დავთმეთ, ხალხის გულები კი მოვიგეთ.
22.06 საქართველო 1:1 ჩეხეთი
თამაში, რომელშიც მამარდა ოქტოპუსად გადაიქცა და ყველაფერი აიღო, რაც მისკენ მიფრინავდა - ერთადერთი, გამათანაბრებელი გოლი ჩეხებმა შიკის ძალისხმევით რასაც ქვია "შეიტანეს" კარში. მიქაუტაძემ პირველი ტაიმის მიწურულს დაგვაწინაურა, ჩეხებთმა კი ანგარიში 59-ზე წუთზე გაათანაბრეს. მთელი მეორე ნახევარი დაცვაში გავატარეთ, თუმცა ბოლო წამებზე საოცარი კონტრშეტევის შედეგად შანსი საბა ლობჟანიძეს მიეცა, რომელმაც ბურთი კარს გადააცილა და მთელი საქართველო გულდაწყვეტილი დარჩა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, თუ რა გველოდა სულ რაღაც 4 დღეში. თუმცა, დადებითი კუთხით შევხედოთ - არის პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.
26.06 საქართველო 2:0 პორტუგალია
ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ევრო 2016-ს ჩემპიონის, პორტუგალიის დამარცხება სჭირდებოდა. მართალია, ევროპელი ბრაზილიელების ესპანელმა მწვრთნელმა მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა, რადგან გუნდს ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა უკვე განაღდებული ჰქონდა, თუმცა მატჩი სასტარტოში დაიწყო პორტუგალიელთა ლეგენდამ, კრიშტიანუ რონალდუმ, რომელსაც ამ ტურნირზე გოლი არ ჰქონდა გატანილი და მშიერი მტაცებელი ცხოველივით იყო. საბედნიეროდ, ჩვენმა ნაკრებმა არც რონალდუ შეიმჩნია, პორტუგალიასთანაც იდეალური მატჩი ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად, 2:0, კვარას და მიქაუტაძის გოლებით მოიგო - ისტორია დაიწერა, საქართველო თავის პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.
30.06 ესპანეთი 4:1 საქართველო
ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი რამ - უარყოფითი ის არის, რომ წილისყრაში არ გაგვიმართლა და პირდაპირ ჩვენთვის ისტორიულად უხერხულ ესპანეთს შევხვდით, დადებითი კი ის, რომ მხოლოდ ევროპის მომავალ ჩემპიონთან დავმარცხდით. მე-18 წუთზე ლე ნორმანის ავტოგოლით დავწინაურდით კიდეც და მთელმა საქართველომ მორიგი სენსაციის ირწმუნა, თუმცა ტაიმის მიწურულს კიტეიშვილს ტრავმა გაუმიზეზდა, როდრიმ სწორედ მისი პოზიციიდან გაგვიტანა, მეორე ნახევარში კი შეგვიძლია იმის თქმაც, რომ ფურია როხამ შანსი არ დაგვიტოვა, სამი უპასუხო გოლი გაგვიტანა და საქართველოს ისტორიული ევრო მერვედფინალის ეტაპზე დაასრულა.
07.09 საქართველო 4:1 ჩეხეთი
მიზეზებზე საუბარს არ დავიწყებთ, თუმცა ფაქტს გეტყვით - როცა ისტორიული ევროს შემდეგ საქართველო თავისი გმირების პირველ საშინაო მატჩს ელოდა, ის დინამო არენას ნაცვლად ორჯერ პატარა მიხეილ მესხზე გაიმართა, რის გამოც ბევრი ადამიანი უბილეთოდ დარჩა, თუმცა ამის მიუხედავად, ერთა ლიგა იდეალურად დავიწყეთ და ჩეხეთი, რომელთანაც ევროზე ფრეც გაჭირვებით ვითამაშეთ, ახლა უბრალოდ გავაცამტვერეთ და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფომანსიც დავდეთ - ჯგუფის მოგების და A ლიგაში გადასვლის ოცნებები რეალობას ემსგავსებოდა.
10.09 ალბანეთი 0:1 საქართველო
კიდევ უფრო მიუახლოვდა რეალობას ეს ყველაფერი ალბანეთთან სტუმრად, ქოჩორას ულამაზესი გოლით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, როცა ჯგუფში ერთადერთი 6-ქულიანი გუნდი დავრჩით და თითქოს, მინიმუმ ამ დონის შენარჩუნებით, A ლიგაში გადასვლაში ხელს ვეღარაფერი შეგვიშლიდა.
11.10 უკრაინა 1:0 საქართველო
14.10 საქართველო 0:1 ალბანეთი
16.11 საქართველო 1:1 უკრაინა
19.11 ჩეხეთი 2:1 საქართველო
ოქტომბრის და ნოემბრის მატჩები საქართველოს ნაკრებს აშკარად ჩაუვარდა, ამიტომ დეტალებში ჩაყოლას და თითოეული მატჩის განხილვას აქ არ დავიწყებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები 4 ტურში მოპოვებული 1 ქულის შედეგად ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა და პარასკევს გაიგებს მეტოქეს, თუ ვისთან მოუწევს დაპირისპირება B ლიგაში დასარჩენად. სხვათაშორის, ამის გაკეთება ხვიჩა კვარაცხელიას და გურამ კაშიას გარეშე მოგვიწევს, რომლებიც საპლეიოფო თამაშს გადამეტებული ყვითლების გამო გამოტოვებენ.
ასეა თუ ისე, საქართველოსთვის 2024 წელი საფეხბურთო კუთხით იდეალურთან მიახლოვებული და ნამდვილად საუკეთესო გამოვიდა - იმედი ვიქონიოთ, რომ ეს რაღაც კიდევ უფრო დიდის დასაწყისია და სულ მალე, საქართველოს არა ევროპის, არამედ მსოფლიოს პირველობაზეც ვიხილავთ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები