ევრობასკეტ 2025-ის 1/8 ფინალში საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება.
მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა, 2013 წლის ევროპის ჩემპიონი საფრანგეთი, იმედოვნებს, რომ წინა ტურნირზე დაკავებულ მეორე ადგილს გაიუმჯობესებს და ტიტულს მეორედ მოიპოვებს.
ეს საფრანგეთის მე-40 მონაწილეობაა ფინალურ ეტაპზე, ისინი მხოლოდ ორჯერ ვერ მოხვდნენ ტურნირზე - 1969 და 1975 წლებში.
ჯგუფურ ეტაპზე კარგი თამაშითა და ბოლო ხუთიდან ოთხ ტურნირზე პოდიუმზე ასვლით, საფრანგეთი კვლავაც ფავორიტებს შორისაა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დიდი ვარსკვლავი - რუდი გობერი და ვიქტორ ვემბანიამა - ვერ თამაშობენ, საფრანგეთი ახალი ეპოქის დასაწყისშია და შემადგენლობაში ახალგაზრდებისა და გამოცდილების ნაზავია, რომელსაც კაპიტანი გერშონ იაბუსელე უძღვება.
გამორჩეული მოთამაშე
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში ახალი პერიოდი დაიწყო და სწორედ გერშონ იაბუსელეს, როგორც კაპიტანს, დაევალა ლიდერობა ევრობასკეტ 2025-ზე. ეს მხოლოდ მისი მეორე ევრობასკეტია, თუმცა უკვე მეხუთე დიდი საერთაშორისო ტურნირი. მის ანგარიშზე სამი ვერცხლის მედალია - ორი ოლიმპიადაზე და ერთი ევროპის ჩემპიონატზე.
29 წლის ფორვარდი ახლა ახალი მიზნებისკენ მიემართება - NBA-ში დაბრუნების შემდეგ, მან ახლა უკვე ნიუ-იორკ ნიქსთან გააფორმა კონტრაქტი. მისი აგრესიული თამაში ფარზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუნდისთვის ვარსკვლავების არყოფნის პირობებში. კაპიტანს ყოველთვის ენერგია შემოაქვს მოედანზე. მისი ლიდერობა და დამოკიდებულება ახალგაზრდა და დებიუტანტი მოთამაშეებისთვის გადამწყვეტია.

იაბუსელე სტაბილურად ორნიშნა შედეგს დებს ქულებში, როცა ეროვნული ნაკრების მაისურს ირგებს. ჯგუფურ ეტაპზე ის საშუალოდ 26.7 წუთში 14 ქულას აგროვებდა.
ისტორია
საფრანგეთმა უკვე 40-ჯერ ითამაშა ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე და მხოლოდ ორჯერ გამოტოვა მთავარი ტურნირი - 1969 და 1975 წლებში. გუნდი პოდიუმის ყველა საფეხურზე მდგარა.
ტიტული საფრანგეთმა 2013 წელს მოიპოვა, როცა ტონი პარკერისა და ბორის დიაოს თაობამ სლოვენიაში ჩატარებული ჩემპიონატი მოიგო. საფრანგეთი მოქმედი ვერცხლის მედალოსანია - 2022 წელს გერმანიაში ფინალში ესპანეთთან დამარცხდა. მანამდე მეორე ადგილი საფრანგეთს 1949 და 2011 წლებში ჰქონდა.
მესამე ადგილი ფრანგებს ექვსჯერ დაუკავებიათ – 1937, 1951, 1953, 1959, 2005 და 2015 წლებში.
ჩემპიონები - 2013
მეორე ადგილი - 2011, 2022
მესამე ადგილი - 1937, 1951, 1953, 1959, 2005, 2015
საუკეთესო მექულეები ევრობასკეტზე
1. ტონი პარკერი - 66 მატჩი, 1104 ქულა
2. სტეფან ოსტროვსკი - 43 მატჩი, 706 ქულა
3. ჰერვ დუბუასონი - 49 მატჩი, 657 ქულა
4. ბორის დიაო - 67 მატჩი, 581 ქულა
5. ალენ ჟილე - 39 მატჩი, 526 ქულა
6. რიშარ დაკური - 31 მატჩი, 449 ქულა
7. ანტუან რიჟოდო - 38 მატჩ, 440 ქულა
8. ნიკოლა ბატუმი - 39 მატჩი, 436 ქულა
9. ნანდო დე კოლო - 46 მატჩი, 419 ქულა
10. ჟაკ კაშემირი - 38 მატჩი, 416 ქულა
ევრობასკეტ 2025-ის ჯგუფური ეტაპი
ბელგია 64-92 საფრანგეთი
საფრანგეთი 103-95 სლოვენია
ისრაელი 82-69 საფრანგეთი
საფრანგეთი 83-76 პოლონეთი
საფრანგეთი 114-74 ისლანდია
საფრანგეთი ჯგუფში 4 მოგებით პირველ ადგილზე გავიდა და 1/8 ფინალში საქართველოს დაუპირისპირდება. მატჩი 7 სექტემბერს 16:15 საათზე დაიწყება.