მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი მატჩებისთვის ემზადება. მანამდე გავიხსენოთ, თუ როგორ მოვიდა ეროვნული გუნდი აქამდე და როგორ გაიარა შესარჩევი ციკლი.
მიმდინარე ციკლი ნაკრების სერბი მთავარი მწვრთნელისთვის, ალექსანდარ ჯიკიჩისთვის სადებიუტოა. მისი თავკაცობით გუნდმა პირველი მატჩები 2024 წლის თებერვალში გამართა.
დანია 75-69 საქართველო
შესარჩევის პირველ შეხვედრაში საქართველო დანიას ესტუმრა და მოულოდნელად დამარცხდა. ჩვენი მხრიდან საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო 26 ქულით, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველებს მე-3 მეოთხედში 13-ქულიანი უპირატესობაც ჰქონდათ, თუმცა მასპინძლებმა მატჩის შემოტრიალება შეძლეს.
საქართველო 63-76 სერბეთი
დანიაში მარცხიდან 3 დღეში ჯიკიჩის გუნდმა თბილისი არენაზე სერბეთი მიიღო და აქაც წააგო. ჩვენს გუნდს კვლავ კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ულიდერა 19 ქულით, თუმცა ამ შემთხვევაშიც ეს გუნდს მოსაგებად არ ეყო.
ასე რომ საქართველოს ნაკრებმა და ალექსანდარ ჯიკიჩმა შესარჩევი მძიმედ, 2 მარცხით დაიწყო და რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.
მომდევნო სანაკრებო პაუზა გასული წლის ნოემბერში იყო, სადაც ჩვენებს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ 2-ჯერ უნდა ეთამაშათ. ორივე მატჩში გამარჯვება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ფინეთი 83-90 საქართველო
ციკლში პირველი გამარჯვება ეროვნულმა გუნდმა ფინეთში მოიპოვა, ნაკრებს კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ (24 ქულა) და ახალწვეულმა ლეგიონერმა, კამარ ბოლდუინმა (23 ქულა) ულიდერეს.
საქართველო 81-64 ფინეთი
ფინური გამარჯვებიდან 3 დღეში ნაკრებმა თბილისი არენაზე ამჯერად თავად უმასპინძლა სკანდინავიელებს და კვლავ გაიმარჯვა. გამორჩეულები ამ შეხვედრაშიც შენგელია (25 ქულა) და ბოლდუინი (22 ქულა) იყვნენ.
ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით პაუზას ჯიკიჩის გუნდი 2 მოგებითა და 2 მარცხით ხვდება.
დანიასთან მატჩი (21 თებერვალი, 20:50, თბილისი არენა) ეროვნული გუნდისთვის გადამწყვეტია, გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ თამაშს გაინაღდებს.
საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ფოტოები: GBF
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები