FIFPRO-მ (პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაცია) ჯამალ მუსიალასთან დაკავშირებით ბაიერნის ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებები დაგმო.
FIFPRO ღრმად შეშფოთებულია მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობის განმეორებითი საჯარო განცხადებებით, რომლებშიც ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ჯამალ მუსიალას კონტრაქტს ეჭვქვეშ აყენებენ.
ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა, აღმასრულებელმა დირექტორმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა მოკლე პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით საჯაროდ დააყენეს მუსიალას კონტრაქტის საკითხი.
FIFPRO-ს შეფასებით, ეს არის კოორდინირებული სტრატეგია, რომლის მიზანიც მომავალი მოლაპარაკებების წინ მუსიალასა და მის წარმომადგენლებზე ზეწოლის მოხდენაა. ბაიერნის დონის კლუბს უკეთ უნდა ესმოდეს საკუთარი პასუხისმგებლობა.
ბაიერნს მუსიალას კეთილდღეობაზე ზრუნვის ვალდებულება აქვს. პროფესიულ ფეხბურთში მოთამაშის მომავალთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესშია.
მუსიალას ჯანმრთელობისა და მომავლის საჯარო განხილვის საგნად ქცევა ამ ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს. თუ კლუბს მის კონტრაქტთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია აქვს, ეს საკითხი უშუალოდ ფეხბურთელთან და მის წარმომადგენლებთან, პირად გარემოში უნდა განიხილოს.
კონტრაქტები იმისთვის არსებობს, რომ მათი პირობები დაცული იყოს. ტრავმა ან სათამაშო ფორმის გაუარესება კლუბს არ აძლევს საფუძველს, გადახედოს უკვე შეთანხმებულ პირობებს. ისევე, როგორც გამორჩეული თამაშების სერია ფეხბურთელს ავტომატურად არ ანიჭებს ხელფასის გაზრდის მოთხოვნის უფლებას.
კლუბები, ლიგები და ფეხბურთელთა პროფკავშირები FIFA-ს დონეზე შეთანხმდნენ, რომ სახელშეკრულებო სტაბილურობა ფეხბურთის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. ეს პრინციპი თანაბრად იცავს როგორც კლუბების, ისე ფეხბურთელების ინტერესებს.
FIFPRO მხარს უჭერს ჯამალ მუსიალას და ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც საკუთარ სახელშეკრულებო ვალდებულებებს ასრულებს. ჩვენ ველით, რომ მათი დამსაქმებლებიც ანალოგიურად მოიქცევიან.“ - წერია განცხადებაში.
,,ფინანსურ შედეგებზეც უნდა ვიფიქროთ" - რა თქვა რუმენიგემ მუსიალაზე?