ინგლისის ნაკრების ლეგენდარულმა ფორვარდმა ალან შირერმა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან მარცხი გაიხსენა და დღევანდელ ნახევარფინალზე თავისი მოლოდინები გააზიარა.
შირერის თქმით, 28 წლის წინანდელი მარცხის ტკივილი მას დღემდე არ განელებია, თუმცა სჯერა, რომ თომას ტუხელის გუნდს ისტორიის შეცვლა შეუძლია.
დღემდე თვალწინ მიდგას, როგორ ზეიმობდნენ არგენტინელი ფეხბურთელები ჩვენ გვერდით, როცა ავტობუსს ველოდებოდით. პენალტების სერიაში დავმარცხდით და სახლში წავედით. ეს ძალიან მტკივნეული იყო. ახლანდელ ნაკრებსაც იგივე შანსი აქვს - ისინი უკვდავებამდე ორ ნაბიჯში არიან
შირერმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მსგავს პრინციპულ მატჩებში ემოციების კონტროლი გადამწყვეტია და არ გამორიცხავს მოედანზე წითელი ბარათი კიდევ ერთხელ ვიხილოთ, როგორც ეს 1998 წელს დევიდ ბექჰემის შემთხვევაში მოხდა. გარდა ამისა, მან VAR-ის შესაძლო გავლენაზეც გამოთქვა წუხილი:
ამ ტურნირზე მსაჯების მხრიდან რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილება ვიხილეთ, მათ შორის არგენტინის სასარგებლოდაც. იმედია, ამჯერად მსგავსი სკანდალი არ განმეორდება
ლეო მესის შეჩერების გზებზე საუბრისას შირერმა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ პერსონალური მცველის დაყენებას აზრი არ აქვს და ინგლისმა ზონური დაცვით, კოლექტიურად უნდა იმოქმედოს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა ინგლისელთა ლიდერების ფაქტორს:
მესის გარდა, ჩვენც გვყავს სუპერვარსკვლავები. ჰარი კეინი ბრწყინვალეა, ჯუდ ბელინგემი კი თავისი ცხოვრების საუკეთესო ტურნირს ატარებს. მჯერა, რომ ინგლისი გაიმარჯვებს, თუმცა იოლი თამაში ნამდვილად არ იქნება