ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა რონალდ არაუხოს ლივერპულში მოსალოდნელ ტრანსფერზე ღიად ისაუბრა.
გერმანელი სპეციალისტის თქმით, კატალონიურმა კლუბმა ურუგვაელი მცველის სათამაშო სისტემაში ინტეგრირება ზუსტად ისე ვერ შეძლო, როგორც თავად სურდა, თუმცა ფეხბურთელს მომავალში წარმატება უსურვა.
ფლიკმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა:
ვფიქრობ, რონალდი შესანიშნავი ბიჭი და ფანტასტიკური მოთამაშეა. ჩვენი სათამაშო სტილი ოდნავ განსხვავებულია. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც დიდი სიჩქარე და ფიზიკური ძალა აქვს და რომელიც ბურთთან კარგად თამაშობს. ჩვენ ვერ შევძლებთ მისი ინტეგრირება ისე, როგორც მე მინდოდა, თან მასაც სურს რაღაც ახლის ცდა.
ურუგვაელი მცველი ინგლისურ კლუბში იჯარით გადადის და მომავალი წლის ზაფხულისთვის ლივერპულს მისი სრულად გამოსყიდვის უფლებაც ექნება. არაუხომ გასულ სეზონში საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა, რადგან დეპრესიასა და შფოთვასთან ბრძოლის გამო გარკვეული დროით ფეხბურთსაც კი ჩამოშორებული იყო, თუმცა ახლა ის მზადაა პრემიერ ლიგაში ახალი გამოწვევებისთვის და მერსისაიდულ კლუბში გადასვლით ძალიან კმაყოფილია.