„სიტყვები არ მყოფნის“ - ლუის სუარესი მუნდიალზე მესის კოსმოსურ ფორმას ეხმაურება
ინტერ მაიამის თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი უახლოესი მეგობრის, ლიონელ მესის ისტორიულ რეკორდს ემოციური სიტყვები მიუძღვნა. მესიმ ავსტრიასთან დუბლით მიროსლავ კლოზეს გადაასწრო და 18 გოლით მუნდიალების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მეგობრის სიხარული და პირადი კრიზისი
სუარესის განცხადებით, მისთვის მესის ისტორიულ ციფრებზე მეტად, მოედანზე მისი ბედნიერების დანახვაა მნიშვნელოვანი, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ლეოს ოჯახში ხდება (მამამისი, ხორხე მესი მძიმე სენს ებრძვის და მკურნალობას გადის):
სიტყვები არ მყოფნის მის დასახასიათებლად, როგორც ფეხბურთელის ან უბრალო მაყურებლისთვის. ჩემთვის, როგორც მეგობრისთვის, რომელიც მას კარგად იცნობს, ყველაზე დიდი ბედნიერება იმის დანახვაა, თუ როგორ სიამოვნებას იღებს ის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშით. სასიამოვნოა მისი ყურება, როცა გარშემორტყმულია ხალხით, ვინც მას მხარში უდგას
მთელი ნაკრები კაპიტნის გარშემო გაერთიანდა
მესის ემოციური მდგომარეობა ალჟირთან მატჩის შემდეგაც გამოჩნდა, როცა ჰეთ-თრიკის შემდეგ კაპიტანმა ცრემლები ვერ შეიკავა. არგენტინის ნაკრების მცველმა, ლისანდრო მარტინესმა დაადასტურა, რომ გუნდი ლიდერს უმძიმეს წუთებში მაქსიმალურად მფარველობს:
ჩვენ მას დაცემის უფლება არ უნდა მივცეთ, განსაკუთრებით ახლა. ლეო აქ უნდა ერთობოდეს. არ არის საჭირო მისი სხვებთან შედარება, ის მწვერვალზე მარტო დგას. უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ის არგენტინელია და ჩვენთანაა.
არგენტინამ ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გაინაღდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სკალონის გუნდი იორდანიას შეხვდება, რის შემდეგაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონები ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებენ.