ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დაადასტურა, რომ ირანის ნაკრებს ამ ზაფხულს აშშ-ის ტერიტორიაზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ექნება.
ირანის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ქვეყანაზე საჰაერო იერიშები მიიტანეს.
FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ირანი გეგმის მიხედვით იასპარეზებდა და ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს აშშ-ში ჩაატარებდა. ხუთშაბათს ვანკუვერში გამართულ კონგრესზე ინფანტინომ აღნიშნა, რომ ფეხბურთმა ხალხი უნდა გააერთიანოს. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ტრამპმა ამ საკითხზე კომენტირებისას თქვა: "თუ ჯანიმ ასე თქვა, მე თანახმა ვარ." მან ინფანტინოს მეგობარი უწოდა და დასძინა, რომ ირანის ნაკრებს თამაშის ნება უნდა მისცენ.
ირანი ჩემპიონატს 15 ივნისს, ლოს-ანჯელესში, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ მატჩით გახსნის. საინტერესოა, რომ თუ ორივე გუნდი თავის ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, ირანი და აშშ შესაძლოა ერთმანეთს 1/32 ფინალში, დალასში შეხვდნენ.