მერაბ დვალიშვილმა UFC 333-ზე პიოტრ იანთან საჩემპიონო ბრძოლისთვის საჭირო 135 ფუნტი (61.2 კგ) დააფიქსირა, თუმცა აწონვიდან სულ რამდენიმე საათში მისი წონა საგრძნობლად გაიზარდა.
დვალიშვილი და იანი ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდებიან. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ მათ შორის ანგარიში თანაბარია - 1:1.
2023 წელს მერაბმა რუსი მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა და სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით, ანგარიშით 50:45 გაიმარჯვა.
თუმცა 2025 წლის ბოლოს იანმა MMA-ის სამყარო გააოცა, როდესაც UFC 323-ზე დვალიშვილს ქულებით (49:46, 49:46, 48:47) სძლია და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.
დვალიშვილს გადამწყვეტი, მესამე შეხვედრისთვის 10 თვით ლოდინი მოუწია, თუმცა ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ქართველი მებრძოლი განახლებული ენერგიითა და შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ბრუნდება.
დღეს დილით აბუ-დაბიში გამართულ ოფიციალურ აწონვაზე მერაბი ენერგიით სავსე ჩანდა და საჩემპიონო ბრძოლისთვის აუცილებელი წონა, ერთი შეხედვით, ყოველგვარი სირთულის გარეშე დააფიქსირა.
თუმცა ორგანიზმის სითხით შევსების შემდეგ, სულ რამდენიმე საათში, მისი წონა 154 ფუნტამდე (69.9 კგ) გაიზარდა.
წონის დაფიქსირებიდან მხოლოდ 5 საათი გავიდა და უკვე დავიბრუნე დაკარგული კილოგრამები. წყალს ვსვამდი და ახლა ვნახოთ, რამდენი მოვიმატე ამ 5 საათში. სასწორზე ვდგები... 19 ფუნტი! მხოლოდ 5 საათში 19 ფუნტი (8.6 კგ) დავიბრუნე.
აი, ასე ვაკეთებთ ჩვენ ამას!“ - განაცხადა მერაბმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოში.
ახლა ჭამას დავიწყებ. ნამდვილი ნადიმი იწყება! ხვალ კი თქვენ უკვე იცით, ვის შევჭამ.
ამ სიტყვებით დვალიშვილმა UFC 333-ის პრესკონფერენციაზე პიოტრ იანთან გამართული სიტყვიერი დაპირისპირება გაიხსენა.
როდესაც მებრძოლები სცენაზე პირისპირ აღმოჩნდნენ, მერაბმა რუსს მიმართა:
ახლა ილაპარაკე და დატკბი. შაბათს გაჩვენებ, რა შემიძლია. შეგჭამ!
შეგახსენებთ, რომ UFC 333 აბუ-დაბიში გაიმართება. მთავარი ღონისძიების ბრძოლები საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება.
VIDEO: წონა ჩაბარებულია - ტრილოგიისთვის ყველაფერი მზად არის