ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის წინ, რომელიც სლოვაკეთში გაიმართება, adjarabet arena საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და დინამო თბილისის ნახევარმცველ ნოდარ ლომინაძეს გაესაუბრა.
- როგორი განწყობით და მოტივაციით ხვდები ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად?
- განყობა მართლაც ძალიან ამაღლებული არის პირადად ჩემთვისაც და თითოეული ნაკრების წევრისთვისაც, ჩვენ არაფერს დავიშურებთ, ჩვენი თავის 200 პროცენტს დავდებთ.
- გაიხსენე ხორვატიასთან გადამწყვეტი მატჩის ემოციები და განცდები. თამაშშიც გაიტანე გოლი და შემდეგ პენალტების სერიაში პანენკა დაარტყი.
- მატჩის შემდეგ ისეთი ბედნიერი იყო ყველა ქართველი, ვინც ხორვატიაში იყო, ამის ნახვას გარედან ვისურვებდი, ერთმანეთში ემოციების გაცვლა, ცეკვა, სიმღერა და სრული ხალისი.
რაც შეეხება გოლს, იმ მომენტში ვამაყობდი ჩემი თავით და ბედნიერი ვიყავი, რომ ეს გავაკეთე. თერთმეტმეტრიანზე კი დარწმუნებული ვიყავი ჩემს თავში, რომ პანენკა უნდა დამერტყა, როცა საქმე აქეთკენ მიდიოდა, მაშინ ვიფიქრე და წამით არ გადამიფიქრებია, ალბათ, ცოტა მუხტიც მიეცათ ბიჭებს.
- რას იტყვი 2 წლის წინანდელ ევროპის ჩემპიონატზე და როგორ დაგეხმარება ის გამოცდილება ახლა?
- დიდი გამოცდილება არის ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე თამაში და ამავდროულად საპასუხისმგებლო, პატარა შეცდომასაც კი დიდი ფასი აქვს, რა თქმა უნდა, გამოცდილება ძალიან დიდ როლს ითამაშებს.
- წინა ევროს შემდეგ დინამო თბილისიდან გორის დილაში გადახვედი და შემდეგ ისევ დაბრუნდი, როგორ შეაფასებდი ამ პერიოდს შენს კარიერაში?
- მართლაც კარგი დრო იყო, კარიერულად გორის დილა დამეხმარა მეტად, იმდროინდელი დინამო ნაკლებად მენდობოდა, რაც გორში გაცილებით მეტად დავინახე კარგის მხრივ.
- წინა ევროზე საქართველო სიკვდილის ჯგუფიდან გავიდა, ახლაც არანაკლებ ძლიერ ჯგუფში ვართ. რა იქნება ჩვენი მიზანი ევროზე?
- მართლაც ისეთ ჯგუფში, სადაც არიან: ნიდერლანდები, ბელგია, პორტუგალია; პირველ ადგილზე გასვლა მარტივი არაა, ვიმედოვნებ და ყველაფერს ვეცდებით თითოეული ნაკრების წევრი, რომ მინიმუმ იგივე შედეგი გავიმეოროთ. როგორც წინა ევროპაზე, ახლაც დიდი მნიშვნელობა ექნება პირველი თამაშის ანგარიშს.
- როგორ შეაფასებდი დინამო თბილისის პირველ წრეს და ინდივიდუალურად რას იტყვი შენს თამაშზე?
- ცუდი არ იყო. იყო რაღაც შეცდომები, მაგრამ ვინც თვალს ადევნებს ეროვნულ ლიგას, ნახავს, რომ თამაშის სტილი ჩამოვაყალიბეთ ისეთი, როგორიც დინამოს შეშვენის. რაც შეეხება ინდივიდუალურს, სხვა მხარე გაუმჯობესდა ჩემში, რაც ძალიან მომწონს.
- რას იტყვი ჯაბა კანკავას ინციდენტზე გორის დილასთან?
- როდესაც საუბარია ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდაზე, რომელიც ყველა დიდ და პატარას უყვარს, ნებისმიერი დამწყები თუ მოქმედი ფეხბურთელის მისაბაძი პიროვნება და სპორტსმენია, მსგავს საქციელზე საუბარიც შემზარავია, უბრალოდ ასეთმა ადამიანმა არც ფეხბურთი და არც ვაჟკაცობა იცის.
- ზოგადად როგორ შეაფასებდი ჯაბას გვერდზე თამაშს, რას ნიშნავს ასეთი გამოცდილი ფეხბურთელის გუნდელობა?
- რაც შეეხება მის გვერდით თამაშს, საამაყოა. მისაბაძი პიროვნებაა, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი მოედნის გარეთ თუ შიგნით. სპორტის გარეთ დასაყრდნობი მეგობარი და ძმაკაცი არის, რომლისგანაც მე პირადად ბევრ რამეს ვსწავლობ, რაც ცხოვრებაში გამომადგება.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 11 ივნისს, ევროპის 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, პირველ მატჩს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.
ევრო 2025 - საქართველოს U21 ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია