მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში, ფიფაში შესაძლოა სერიოზული გადატრიალება მოხდეს.
ლონდონის არსენალის ლეგენდარული ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას სერიოზულად განიხილავს.
ევროპულ საფეხბურთო კულუარებში ფრანგი სპეციალისტის ამ ნაბიჯს უკვე დიდი ხანია ელიან.ვენგერის გააქტიურების დრო შემთხვევითი სულაც არ არის, ინფანტინო უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული წილების კერძო ინვესტორებზე გაყიდვის გეგმა ჩაუვარდა, რასაც საფეხბურთო საზოგადოების მხრიდან უდიდესი კრიტიკა მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ არსენ ვენგერი 77 წლისაა და მისი ასაკი გარკვეულ კითხვებს აჩენს,მხარდამჭერები მზად არიან ის პრეზიდენტად იხილონ. ბევრი მიიჩნევს, რომ ვენგერს შეუძლია არჩევნები მოიგოს, ფიფაში ერთგვარი გარდამავალი ეტაპი შექმნას და 4-წლიანი ვადის ამოწურვამდე პოსტი დატოვოს. თუკი ფრანგი არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მას ზურგს უეფა გაუმაგრებს, რომელიც ინფანტინოს მთავარ ოპოზიციას წარმოადგენს.
მართალია, ინფანტინო კვლავ ინარჩუნებს მყარ პოზიციებს სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში, თუმცა სწორედ აფრიკა შეიძლება გახდეს ვენგერის მთავარი "იარაღი". არსენალში მუშაობისას იგი ყოველთვის გამოირჩეოდა აფრიკელი ფეხბურთელების დიდი მხარდაჭერით და დამატებით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის 48 გუნდამდე გაფართოებაშიც, რამაც მას ამ კონტინენტზე სერიოზული ავტორიტეტი მოუტანა.
რაც შეეხება ინფანტინოს სკანდალურ კომერციულ პროექტს, ვენგერი მას საჯაროდ გაემიჯნა. მისი თქმით, ამ სტრატეგიულ გეგმაში ჩართული არ ყოფილა და ყველაფრის შესახებ მედიიდან შეიტყო.
ამ პროექტის შეჩერება აბსოლუტურად აუცილებელი და უდავო იყო. მე მჯერა დამოუკიდებელი ფიფასი, რომელიც ჩვენს სპორტს გამჭვირვალობითა და კეთილსინდისიერებით ემსახურება
შეგახსენებთ, რომ კანდიდატებს საკუთარი განაცხადის დასადასტურებლად დრო 18 ნოემბრამდე აქვთ, თავად საპრეზიდენტო არჩევნები კი მომავალი წლის მარტში გაიმართება. უკვე ცნობილია,რომ ინფანტინოს წინააღმდეგ ბრძოლას ტოტენჰემის ყოფილი მცველი რამონ ვეგა და იაპონიის ფეხბურთის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი, კოზო ტაშიმაც აპირებენ. ვნახოთ, როგორი იქნება ფრანგი ლეგენდის საბოლოო გადაწყვეტილება.