თბილისის იბერიასა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ანდრია ბართიშვილი კვლავ ლაზარეთშია.
17 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ლონდონის არსენალთან წინასწარი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ეროვნული ლიგის ბოლო ტურში დინამო თბილისთან დაპირისპირებისას მოედანი სამედიცინო შტაბის დახმარებით დატოვა.
ახალგაზრდა ტალანტმა ტრავმა ჯერ კიდევ აგვისტოში, ლარნაკასთან შეხვედრისას მიიღო. მან მწვანე მინდორზე დაბრუნება 10 ოქტომბერს, კონფერენს ლიგაზე სენტ ტრუიდენის წინააღმდეგ მოახერხა, თუმცა მისი თამაში ხანმოკლე გამოდგა და დინამო თბილისთან შეხვედრაში ისევ დაშავდა.
ქართველი ფეხბურთელის მორიგ ტრავმას ინგლისური გამოცემა Arsenal Touchline გამოეხმაურა. მათი პირველადი ინფორმაციით, საქმე კოჭის დაზიანებასთან გვაქვს, თუმცა გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები ჯერჯერობით უცნობია. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ არსენალში მოსალოდნელი ტრანსფერის გამო ბართიშვილი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია და მას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.