არსენ ვენგერი უეინ რუნის პოზიციას არსენალის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის აღნიშვნასთან დაკავშირებით არ ეთანხმება.
მას შემდეგ, რაც ბუკაიო საკას გოლმა მეთოფეებს ატლეტიკო მადრიდთან გამარჯვება და 20 წლის შემდეგ პირველად ფინალის საგზური მოუტანა, სტადიონზე ნამდვილი ზეიმი დაიწყოი. მიკელ არტეტამ მოთამაშეები ფანებისკენ წაიყვანა, რათა მათთან ერთად გაეზიარებინა ეს ისტორიული მომენტი. საკამ აღნიშნა, რომ ემირეიტსზე ასეთი ატმოსფერო მთელი კარიერის განმავლობაში არ უნახავს.
"ასეთი არაფერი მინახავს“ – საკა ფანებს მადლობას უხდის
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა უეინ რუნი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, მომხდარს სკეპტიკურად შეხვდა. მისი თქმით, ზეიმი გადაჭარბებული იყო, რადგან გუნდს ტიტული ჯერ კიდევ არ მოუგია. „იზეიმეთ მაშინ, როცა მოიგებთ,“ - განაცხადა რუნიმ Prime Video-ს ეთერში, თუმცა დაამატა, რომ გუნდმა ფინალში გასვლა ნამდვილად დაიმსახურა.
საპირისპირო აზრზეა არსენ ვენგერი, რომელმაც არსენალი 2006 წლის ფინალში გაიყვანა. მან beIN Sports-ის ეთერში განაცხადა, რომ ზეიმი აბსოლუტურად ნორმალურია.
ვენგერმა ასევე ხაზი გაუსვა არსენალის დაცვით სიმტკიცეს და აღნიშნა, რომ ატლეტიკოს 45 წუთის განმავლობაში გოლის გატანა ძალიან სჭირდებოდა, თუმცა ლონდონელებმა მათ შანსი არ მისცეს. ფრანგი სპეციალისტის თქმით, სიხარული დამსახურებულია, თუმცა ახლა გუნდი მომდევნო თამაშებსა და ფინალში გამარჯვებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული.