მადრიდის რეალის ვარსკვლავმა, ვინისიუს ჟუნიორმა, ხანგრძლივი უგოლო სერია შეწყვიტა.
ლა ლიგის 33-ე ტურში, ალავესის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 25 წლის ბრაზილიელმა შორი მანძილიდან დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით სამეფო კლუბის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ეს გოლი ვინისიუსისთვის პირველია 22 მარტის შემდეგ (მაშინ მან ატლეტიკოსთან დუბლი შეასრულა). მას შემდეგ შემტევს რეალის და ბრაზილიის ნაკრების მაისურით 7 მატჩში არ ჰქონდა გატანილი.
გოლის აღნიშვნა საკმაოდ ემოციური გამოდგა: ვინისიუსმა ხელები მაღლა ასწია და სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დასაწყისში ფანები მას და კილიან მბაპეს სტვენით შეხვდნენ. ბოდიშის შემდეგ ბრაზილიელმა კლუბის ემბლემასაც აკოცა, რითაც ქომაგების შემორიგება სცადა.