არენამაქსი
ქვიზები
ქვიზების ლიგა
სიახლეები
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 ტურის მეორე სათამაშო დღე უკვე კლასიკად ქცეულ რეალი - სიტის და სხვა საინტერესო დაპირისპირებებს გვპირდება, რაზეც ქვემოთ მოგიყვები.
ტრადიციულად, ნაადრევად გამოტანილია ორი თამაში, რომელთაგან ერთ-ერთშიც ჟორჟის ვილიარეალი ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვების მოპოვებას შინ კოპენჰაგენის წინააღმდეგ შეეცდება, მეორეში კი დღემდე ერთადერთი უქულო აიაქსი ქულების მოპოვებას სტუმრად ყარაბაღის წინააღმდეგ ეცდება.
21:45 ყარაბაღი - აიაქსი
როგორც გითხარით, აიაქსი დღეის მონაცემებით ერთადერთი უქულო გუნდია ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე 36-დან, ამიტომ ქულები გუნდს სირცხვილის ჩამოსარეცხად სასწრაფოდ ესაჭიროება. სხვა ვითარებაში ყარაბაღს ტკბილ ლუკმას შევარქმევდით, მაგრამ არა ახლა გუნდს 7 მატჩში 2 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს და 7 ქულით საუკეთესო 24 გუნდშიც კი შედის. ამიტომ არ ვიცი რამდენად გეუცნაურებათ, თუ გეტყვით, რომ თამაშის ფავორიტადაც აზერბაიჯანლები მიიჩნევიან.
21:45 ვილიარეალი - კოპენჰაგენი
გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ლა ლიგაში იდეალურად მიიწევს წინ და თუ გადადებულ მატჩს მოიგებს ცხრილის მე-2 პოზიციაზე რეალსაც გადაასწრებს, თუმცა ლიგაზე სიტუაცია სხვაგვარად არის — 5 ჩატარებულ მატჩში გუნდს ერთადერთი ქულა აქვს და 34-ე პოზიციას იკავებს შესაძლო 36-დან. ბევრად უკეთესი სიტუაცია არც დანიელებს აქვთ — 5 მატჩში მოპოვებული 4 ქულა და 29-ე ადგილი. ესპანელებს თამაში აუცილებლად მოსაგები აქვთ.
23:55 ბილბაო - პსჟ
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლიგის მოქმედი ჩემპიონის სტატუსს კარგად ამართლებს და 5 მატჩში 4 გამარჯვება აქვს — ლუის ენრიკეს შეგირდები 12 ქულით მე-4 პოზიციას იკავებენ და წესით, რვა საუკეთესოში მოხვედრაც არ უნდა გაუჭირდეთ. ამისაკენ მიმავალ გზაზე გუნდს სტუმრად ბილბაოსთან მოუწევს დაპირისპირება, რომელიც 4 ქულით 28-ე ადგილზეა, თუმცა საკუთარ კედლებში მარტივი ლუკმა არავისთვისაა ხოლმე. ერთადერთი გამარჯვება ვალვერდეს გუნდმა სწორედ საკუთარ მოედანზე, ყარაბაღის წინააღმდეგ მოიპოვა.
23:55 ლევერკუზენი - ნიუკასლი
ნიუკასლი ამ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენაა — პირველ ტურში ბარსასთან 1:2 წაგების შემდეგ გუნდმა ზედიზედ სამი თამაში მოიგო, თუმცა ბოლო ტურში პიერ-ემერიკ ობამეიანგის რისხვას ვერ გაუძლო და დამარცხდა. 9 ქულით ინგლისელები მე-15 ადგილს იკავებენ, ლევერკუზენი კი 9 ქულით 20-ზეა, რაც იმის მანიშნებელია, რომ თამაში ძალიან საინტერესო და ცხრილის თვალსაზრისითაც თანაბარი და დაძაბული უნდა გამოვიდეს.
23:55 ბენფიკა - ნაპოლი
ჟოზე მოურინიოს და ანტონიო კონტეს დაპირისპირებაში რა სანახაობას დაგპირდეთ არ ვიცი, მაგრამ იმას გეტყვით, რომ პორტუგალიელებმა ამ ლიგაზე თავისი ერთადერთი გამარჯვება წინა ტურში, აიაქსის წინააღმდეგ მოიპოვეს, როცა უქულოების ჯახში სტუმრად 2:0 მოიგეს. კონტეს გუნდები ევროტურნირებზე რომ არასტაბილურობით გამოირჩევიან, ეს კი თავადაც გეცოდინებათ - პარტონოპეი 7 ქულით 22-ე ადგილზეა, ბოლო ტურში ყარაბაღს 2:0 მოუგეს, უქმეებზე კი იუვენტუსს 2:1 აჯობეს და თამაშს კარგ ხასიათზე ხვდებიან.
23:55 ბრიუგე - არსენალი
მოვადექით ამ ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილი ერთადერთი 100%-იანი შედეგის მქონე არსენალს, რომელმაც ბოლო ტურში პრინციპულ მატჩში ბაიერნს 3:1 აჯობა და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსიც გაამართლა. თუმცა, უქმეებზე გუნდი ასტონ ვილასთან დამარცხდა და სიტის მისცა ცხრილში მიახლოვების უფლება, რაც ხასიათზეც იმოქმედებდა. ბრიუგე 5 მატჩში მოპოვებული 4 ქულით 27-ე ადგილზეა და ერთადერთი გამარჯვება შორეულ პირველ ტურში აქვს მოპოვებული.
23:55 დორტმუნდი - ბოდო გლიმტი
2024 წლის ფინალისტი ამ ლიგაზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს - ერთადერთი წაგება გუნდს სიტისთან აქვს, დანარჩენ 4 თამაშში კი 3 მოიგო და 10 ქულით მე-10 პოზიციასაც იკავებს. ბოდო გლიმტი 2 მოპოვებული ქულით 33-ე ადგილზეა და ჯერჯერობით სტატისტის როლს ასრულებს. რამდენად შეძლებენ ნორვეგიელები ამ ტურის შემდეგ საკუთარი ქულების რაოდენობის გაზრდას — რთული სათქმელია, სიგნალ იდუნა პარკიდან ქულების წამოღება მარტივი ამოცანა არაა.
23:55 იუვენტუსი - პაფოსი
სპალეტის მისვლის შემდეგ იუვემ წაგების გემო ბოლო ტურამდე არ იცოდა, როცა დიეგო მარადონაზე მოქმედმა ჩემპიონმა ნაპოლიმ დადო ბეჭებზე. ჩემპიონტა ლიგაზე გუნდს რთულად აქვს საქმე, ერთადერთი გამარჯვება ტურინელებმა წინა ტურში ბოდო გლიმტთან სტუმრად მოიპოვეს და 6 ქულა დააგროვეს - იმდენივე, რამდენიც პაფოსს. გუნდები 23-ე და 24-ე პოზიციებს იკავებენ და ცხრილის მიხედვით, ეს პირდაპირი კონკურენტების დაპირისპირებაც გამოდის.
23:55 რეალი - სიტი
როგორც იტყვიან ხოლმე, ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის უნდა მოიტოვოო. სანტიაგო ბერნაბეუზე ევროპულ კლასიკად ქცეული დაპირისპირება შედგება, რომლის გარეშეც ჩემპიონთა ლიგა უკვე აღარც გვახსოვს. რეალი სიტის მერყევ მდგომარეობაში დაუხვდება — გუნდს ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული, ლა ლიგაში კი ბარსას 4 ქულით წინ გაქცევის შანსი მიეცა, რამაც ჩაბი ალონსოს სკამი ბუნებრივად შეარხია და იმასაც ამბობენ, რომ დღეს სიტისთან მარცხი ესპანელისთვის შესაძლოა საბედისწეროც აღმოჩნდეს. ლიგის ცხრილში საქმე არც ასე სავალალოდაა — გუნდმა 5-დან 4 მატჩი მოიგო, ერთადერთი მარცხი კი ლივერპულთან იგემა და 12 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. სიტის ორი ქულით ნაკლები აქვს, რადგან წინა ტურში გადახალისებული შემადგენლობით შინ ლევერკუზენთან დამარცხდა.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
