ბაიერნმა კლუბის აქციების დარჩენილი 5% ბიზნესმენ მაქს ფისმანის კომპანიას (Viessmann Generations Group) 250 მილიონ ევროდ მიჰყიდა.
ამ გარიგებით ბავარიული კლუბის საერთო ღირებულებამ დაახლოებით 5 მილიარდ ევროს მიაღწია, თუმცა მთავარი კითხვა ის არის, თუ რაში დაიხარჯება ეს უზარმაზარი ფინანსური რეზერვი.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ბაიერნის სპორტულ დირექტორს, მაქს ებერლს ამ ფინანსური სიძლიერის გამოყენება ორი მიმართულებით შეუძლია. პირველი გუნდის ამჟამინდელი ვარსკვლავების შენარჩუნებაა (მაგალითად, 170-მილიონიანი მაიკლ ოლისესი, რომელსაც მადრიდის რეალი აკვირდება), რადგან კლუბს ლიკვიდურობისთვის მოთამაშეების გაყიდვა აღარ დასჭირდება.
მეორე და უფრო გლობალური მიზანი კი ჰარი კეინის მემკვიდრის პოვნა და შეტევის ახალი ლიდერის მოყვანაა. 33 წლის ინგლისელი თავდამსხმელის კარიერის დასკვნითი ეტაპი თანდათან ახლოვდება და მიუნხენელების მთავარი ოცნება კვლავ ერლინგ ჰოლანდია. ნორვეგიელი ვარსკვლავი 2022 წელს ბაიერნში გადასვლასთან საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ მანჩესტერ სიტი აირჩია.
ახლა, როცა სიტი პეპ გვარდიოლამ დატოვა, მიუნხენში იმედოვნებენ, რომ ჰოლანდმა შესაძლოა კარიერაში ახალი გამოწვევები მოძებნოს და გერმანიაში გატარებული საუკეთესო წლები გაიხსენოს. შესაბამისად, ბაიერნმა ფინანსური ნიადაგი მოამზადა, რათა საჭირო მომენტში ნორვეგიელი ბომბარდირის ტრანსფერის დაფინანსება შეძლოს.