3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მუნდიალებზე სულ 14 აფრიკული ქვეყნის ნაკრებს უთამაშია. კონტინენტის პირველი წარმომადგენელი ეგვიპტე იყო - ჩრდილოაფრიკელებმა 1934 წელს, ისტორიაში მეორე მსოფლიო თასზე ითამაშა. 36 წლიანი პაუზის შემდეგ, მუნდიალზე აფრიკის პრესტიჟი კვლავ ჩრდილოელებმა დაიცვეს - 1970 წელს მსოფლიო თასზე მაროკომ ითამაშა.
შემდეგ იყო კონგო - მაშინდელი ზაირი, ტუნისი, ალჟირი, კამერუნი, ნიგერია, სამხრეთ აფრიკა, სენეგალი, ანგოლა, განა, კოტ-დ’იუარი და ტოგო. 2026 წელს ამ ნაკრებების სიას კაბო-ვერდე შეუერთდა. სადებიუტო ორ მატჩში მწვანე კონცხის კუნძულელებმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს - კაბო-ვერდელებმა ჯერ ევროპის ჩემპიონ, ესპანელებთან შეინახეს კარი მშრალად, შემდეგ კი ორგზის მსოფლიო ჩემპიონ ურუგვაისთან გაიტანეს პირველი სამუნდიალე გოლები. 0:0 და 2:2. ბოლო ტურის წინ აფრიკელები ჯგუფიდან გასვლის ძალიან რეალურ შანსს ინარჩუნებენ.
ზემოთ ჩამოთვლილი 14 აფრიკული ნაკრებიდან მუნდიალის პლეი-ოფში ასპარეზობა სხვადასხვა წლებში მხოლოდ ექვსმა გუნდმა შეძლო - დღევანდელ ბლოგში ყველაზე წარმატებულ აფრიკულ კამპანიებზე მოგიყვებით.
მსოფლიო თასზე აფრიკა ყველაზე მეტჯერ კამერუნს წარუდგენია - შეუპოვარმა ლომებმა მუნდიალზე რვაჯერ ითამაშეს, მათ შორის 1990 წლიდან 2002 წლამდე ოთხჯერ ზედიზედ. კამერუნის საუკეთესო შედეგის სწორედ 1990 წლის იტალიის ჩემპიონატი იყო. კამერუნმა სენსაციით დაიწყო - პირველ ტურში აფრიკელებმა მოქმედი ჩემპიონი, მარადონას არგენტინა ომამ-ბიიკის გოლით დაამარცეს. მეორე ტურში სცენაზე ამ კამერუნის ნაკრების სიმბოლო და ამ ტურნირის ერთ-ერთი თილისმა, როჟე მილა გამოჩნდა - აფრიკელებმა რუმინეთი 38 წლის ფორვარდის დუბლით დაამარცხეს. ვეტერანი ფორვარდის შოუ, რომლის გეგმებშიც მუნდიალზე წასვლა არც შედიოდა, მერვედფინალში კოლუმბიასთან გაგრძელდა - კამერუნმა კვლავ “მოხუცი ლომის” დუბლით იმარჯვა. მეოთხედფინალში კამერუნი ინგლისს დაუპირისპირდა - აფრიკელები დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში დამარცხდნენ.
შემდეგი წარმატებული აფრიკული ვოიაჟი სენეგალის ნაკრებს ეკუთვნის - ტერანგას ლომებმა სამხრეთ კორეასა და იაპონიაში გამართულ 2002 წლის მუნდიალზე მეოთხედფინალში ითამაშეს. კამერუნის მსგავსად, სენეგალმაც სენსაციით დაიწყო და ტურნირს დამატებით დროში განცდილი დასანანი მარცხით გამოეთიშა. ისევე როგორც კამერუნმა, აფრიკელებმა ამჯერადაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხეს - პირველ ტურში სენეგალმა საფრანგეთს 1:0 სძლია. შემდეგ ორ ტურში ორი ფრით ტერანგას ლომები ჯგუფიდან გავიდნენ, ხოლო მსოფლიო ჩემპიონები სახლში გაუშვეს. დრამატული გამოვიდა აფრიკელთა მატჩები პლეი-ოფში - სენეგალმა ჯერ შვედეთი დაამარცხა ოქროს გოლით, შემდეგ კი თურქეთთან დამარცხდა - მატჩის ბედი აქაც ოქროს გოლმა გადაწყვიტა.
აფრიკელთაგან ყველაზე მეტჯერ პლეი-ოფში ნიგერიას უთამაშია - არწივებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა სამჯერ, 1994, 1998 და 2014 წლებში შეძლეს. სადებიუტო იყო ნიგერიისთვის ამერიკაში გამართული 1994 წლის მუნდიალი - ჯგუფში არგენტინასთან, რუმინეთთან და საბერძნეთთან მოხვედრილმა აფრიკელებმა სენსაციურად პირველი ადგილი დაიკავეს. მერვედფინალში ნიგერია დრამატულ ბრძოლაში, მომავალ ფინალისტ იტალიასთან დმარცხდა - იტალიელებმა მეოთხედფინალის საგზური რობერტო ბაჯოს 102-ე წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით მოიპოვეს. მერვედფინალური ეტაპის გადალახვა არწივებმა ვერც 1998 და 2014 წლებში შეძლეს.
კიდევ ერთი აფრიკული ნაკრები, რომელმაც ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში დასანანი მარცხი იწვნია ალჟირია. ჩრდილოაფრიკელების დებიუტი მუნდიალზე 1982 წელს შედგა, ხოლო პირველად პლეი-ოფში 2014 წელს გავიდნენ. მერვედფინალში აფრიკელები მომავალ მსოფლიო ჩემპიონებს შეხვდნენ - 90-წუთიანი უგოლო მატჩის შემდეგ, გერმანიამ ალჟირი დამატებით დროში 2:1 დააამარცხა.
განას დებიუტი 2006 წლის მუნდიალზე შედგა და პირველივე ცდით მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა. შავ ვარსკვლავის არ გაუმართლა. მერვედფინალი აფრიკელებს ბრაზილია შეხვდათ - 3:0. ალბათ განელებიც ძნელად თუ წარმოიდგენდნენ, რომ მთავარი ზღაპარი ჯერ წინ ჰქონდათ - ოთხი წლის შემდეგ განამ კიდევ ერთხელ გააოცა მსოფლიო. შავ ვარსკვლავს მუნდიალის ნახევარფინალამდე ასამოა გიანის ერთი ზუსტი თერთმეტმეტრიანი დააკლდა. ჯგუფური ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, აფრიკელებმა მერვედფინალში ამერიკა გააგდეს - განელებს დამატებით დროში გამარჯვება ასამოა გიანმა მოუტანა. აფრიკელთა სამიანს გმირობის შანსი კიდევ ერთხელ მიეცა - მეოთხედფინალში ლუის სუარესის ცნობილი სეივის შემდეგ, 122-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან სწორედ ის მივიდა. გიანის დარტყმული ხარიხამ აისხლიტა - მორალურად გატეხილი განა თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.
განამ ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლო, მაგრამ 12 წლის შემდეგ ეს მაროკომ გააკეთა. ხორვატია, ბელგია, კატარის ჯგუფში ჩრდილოაფრიკელებმა პირველი ადგილი დაიკავეს, მაგრამ მერვედფინალში მაინც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ლუის ენრიკეს ესპანეთს შეხვდნენ. აფრიკელებმა ფურია როხა პენალტების სერიაში დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზეს - ატლასის ლომებმა ამჯერად ესპანელების მეზობლები, პორტუგალიელები გამოთიშეს მუნდიალს. ნახევარფინალში მაროკო მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ და მომავალ ფინალისტ საფრანგეთთან ვეღარაფერს გახდა. მაროკო მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიასთან დამარცხდა და კატარის მუნდიალი ისტორიულ მეოთხე ადგილას დაასრულა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

