არბელოას რკინის ხელი: მწვრთნელის დაპირისპირება ამბოხებულ ვარსკვლავებთან.
თუ მადრიდის რეალი მომავალი სეზონისთვის სათადარიგო სკამზე მტკიცე ხელს ეძებს, ალვარო არბელოამ ეს თვისება ნამდვილად გამოავლინა. მწვრთნელს არა მხოლოდ გუნდის რთულ მდგომარეობასთან, არამედ დაყოფილ გასახდელთან და რამდენიმე „ამბოხებულ“ ფეხბურთელთან მოუხდა გამკლავება. არბელოა ექვს მოთამაშეს დაუპირისპირდა, რომლებმაც მისი გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილება გამოხატეს. ვალდებებასის ატმოსფერო რამდენიმე მწვავე კონფლიქტმა დაძაბა.
კამავინგამ ცეცხლი გახსნა
ფრანგი ნახევარმცველი პირველი იყო, ვინც უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა. მას არ მოეწონა არბელოას ერაში ადრეულ ეტაპზე განხორციელებული ცვლილება და ეს მწვრთნელს პირდაპირ უთხრა. მას შემდეგ მათ შორის ურთიერთობა უკიდურესად ცივია. არბელოამ პოზიცია არ დათმო და კამავინგას ნაცვლად უპირატესობა ტიაგო პიტარჩს მიანიჭა.
დაპირისპირება კაპიტანთან
დანი კარვახალის უკმაყოფილება ჯერ კიდევ ხაბი ალონსოს დროს დაიწყო და არბელოასთან პიკს მიაღწია. 1 თებერვალს, რაიო ვალეკანოსთან მატჩში სკამზე დატოვებამ კაპიტანსა და მწვრთნელს შორის განქორწინება გამოიწვია. მესტალიაზე, ვალენსიას წინააღმდეგ, არბელოამ სასტარტოში აკადემიის მოთამაშე დავიდ ხიმენესი დააყენა, რამაც კარვახალის მძაფრი რეაქცია გამოიწვია.

ალაბას პროტესტი და წასვლა
დავიდ ალაბა კიდევ ერთი ცხელი კარტოფილი აღმოჩნდა. მან მწვრთნელს სათამაშო დროის სიმცირის გამო პრეტენზიები თებერვლის დასაწყისშივე წაუყენა. დღეს მათ შორის ურთიერთობა პრაქტიკულად არ არსებობს. ალაბას კონტრაქტი ივნისში ეწურება და ის სამეფო კლუბს დატოვებს.
ასენსიოსა და სებალიოსის შემთხვევები
რაულ ასენსიოსთან კონფლიქტი მანჩესტერ სიტისთან მატჩში მის სკამზე დატოვებას მოჰყვა. მოგვიანებით, ფეხბურთელმა ვარჯიშზე ტრავმა მოიმიზეზა, რაც არბელოამ და ანტონიო რუდიგერმა უპატივცემულობად მიიღეს. ასენსიოს გუნდისთვის ბოდიშის მოხდა მოუხდა, თუმცა მას შემდეგ თითქმის აღარ თამაშობს.
ყველაზე მძიმე კი დანი სებალიოსის შემთხვევა აღმოჩნდა, რომელმაც მწვრთნელთან პირადი კონფლიქტის გამო კლუბთან დამშვიდობება გადაწყვიტა.
„მწვრთნელს ვთხოვე, ჩემთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტოს“, - განაცხადა სებალიოსმა 23 აპრილს. ის სეზონის ბოლომდე განაცხადს მიღმა დარჩება და ზაფხულში რეალს დატოვებს.
