2023 წლის აფრიკის თასის საჩემპიონო გოლის ავტორი, სებასტიან ალე წლევანდელ ტურნირს გამოტოვებს. ინფორმაცია კოტ დ'ივუარის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
ნიდერლანდური უტრეხტის თავდამსხმელმა ფეხის უკანა კუნთის დაზიანება ბრედასთან 14 დეკემბერს გამართული მატჩისას მიიღო.
31 წლის შემტევი ესპანეთის კურორტ მარბეიაზე, ნაკრების შეკრებაზე ჩავიდა, თუმცა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო და ტურნირის განაცხადიდან უკვე ამოშალეს. მას ასტონ ვილას ფორვარდი, ევან გესონი ჩაანაცვლებს - პრემიერ ლიგის ამ სეზონში არ გაუტანია, ყველა ტურნირის ეგიდით 18 თამაშში 2 გოლი და 1 ასისტი აქვს.
აფრიკის თასის წინა გათამაშებაზე, რომლის მასპინძლები სწორედ კოტ დ'ივუარელები იყვნენ, ალემ სულ 2 გოლი გაიტანა - 1/2 ფინალში კონგოსთან (1:0) და ფინალში ნიგერიასთან (2:1).
გამოსარჩევი და იშვიათი ფაქტია, რომ ჩემპიონმა ტურნირის მიმდინარეობისას მწვრთნელი შეიცვალა - ჯგუფურ ეტაპზე გუნდს ფრანგი ჟან-ლუის გასეტი უძღვებოდა, პლეი-ოფიდან კი პოსტი ემერს ფაემ დაიკავა (ახლაც ისაა).
კოტ დ'ივუარის ნაკრებმა აფრიკის თასი მესამედ მოიგო - 1992; 2015 და 2023. ნიგერიას ტიტული ასევე 3-ჯერ აქვს მოგებული, 4-გზის ჩემპიონი განაა, 5-გზის - კამერუნი, ხოლო რეკორდსმენი და 7-გზის ჩემპიონი - ეგვიპტე.