-
Aa
+
ფონტის ზომა
21 დეკემბერს აფრიკის თასი იწყება. ტურნირი დეკემბერ-იანვარში გაიმართება და შობისა და ახალი წლის პერიოდს მოიცავს, რომელიც ტრადიციულად საკმაოდ დატვირთულია ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში.
დროა გადავხედოთ, რომელი ფეხბურთელები გაემგზავრებიან მაროკოში და ამ პერიოდის განმავლობაში, თავისი კლუბებისთვის მიუწვდომელი იქნებიან.
ვინ გაუშვა ტოპ-ჩემპიონატებიდან ყველაზე მეტი ფეხბურთელი აფრიკის თასზე?
სანდერლენდი — 6
ლორიანი — 5
პარიზი (პსჟ არა) — 5
ლევერკუზენი — 4
ლილი — 4
ნიცა — 4
ანჟე — 4
მეცი — 4
ლე ავრი — 4
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პრემიერ ლიგის წლის აღმოჩენა სანდერლენდი აფრიკის თასმა ყველაზე მეტად დააზარალა.
ყველაზე დაზარალებულებს შორის რომ ფრანგული კლუბები ლიდერობენ — გასაკვირი სულაც არ არის, თუმცა გამოერია ლევერკუზენიც ბაიერიც, რომელმაც ტურნირზე ედმონ ტაპსობა (ბურკინა ფასო), ელის ბენ სეგირი (მაროკო), იბრაჰიმ მაზუ (ალჟირი) და კრისტიან კოფანე (კამერუნი) გაუშვა.
მანჩესტერ იუნაიტედიდან ტურნირზე სამი ფეხბურთელი მიემგზავრება, მაგრამ ეს ერთი კლუბიდან ყველაზე ძვირადღირებული დელეგაციაა: ბრაიან მბიუმო, ამად დიალო და ნუსაირ მაზრაუი Transfermarkt-ზე ჯამურად 147 მილიონ ევროდ არიან შეფასებულები.
მეორე ადგილზე მან სიტია, რომლიდანაც ტურნირზე ომარ მარმუში და რაიან აიტ-ნური მიემგზავრებიან, მესამეზე კი პსჟ, რომელიც აშრაფ ჰაკიმის და იბრაჰიმ მბაიეს მოისაკლისებს.
პრემიერ ლიგის სხვა მნიშვნელოვანი დანაკლისები: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), კარლოს ბალება (ბრაიტონი), ისმაილა სარი (კრისტალ პალასი), ალექს ივობი და კალვინ ბასი (ფულემი), ივ ბისუმა და პაპე მატარ სარი (ტოტენჰემი), ილიმან ნდიაიე და იდრისა გეიე (ევერტონი), დანგო უატარა და ფრანკ ონიეკა (ბრენტფორდი), იბრაჰიმ სანგარე (ნოტინგემ ფორესტი), ჰანიბალ მეჟბრი, ლაილ ფოსტერი და აქსელ ტუანზებე (ბარნლი), ემანუელ აგბადუ (ვულვზი).
ჯამურად რომელმა ჩემპიონატმა რამდენი ფეხბურთელი გაუშვა ტურნირზე?
1. ლიგა 1 — 51 ფეხბურთელი (ყველაზე ძვირადღირებული: ჰაკიმი)
2. პრემიერ ლიგა — 33 (მბიუმო)
3. თურქეთის სუპერლიგა — 22 (ოსიმენი)
4. ბუნდესლიგა — 18 (ნიკოლას ჯექსონი)
5. სერია ა — 18 (ლუკმანი)
6. ლა ლიგა — 14 (ბრაჰიმ დიასი)
7. ჩინეთის პრო ლიგა — 13 (კესიე).
რამდენს გამოტოვებენ ფეხბურთელები?
თუ ნაკრები ფინალამდე მივა, ფეხბურთელები კლუბებს დაახლოებით ერთ თვეზე ცოტა მეტ ხანს გამოაკლდებიან — მზადებასა და აღდგენასაც თუ გავითვალისწინებთ. თუმცა, ჯგუფურ ეტაპზე გამოვარდნის შემთხვევაში, ფეხბურთელს რეალურად შეუძლია უკვე 1 იანვარს გამოვიდეს მოედანზე ერთ-ერთ ევროპულ ლიგაში.
პრემიერ ლიგა: აფრიკის ერთა თასზე 2025 წასულმა ფეხბურთელებმა შესაძლოა გამოტოვონ ჩემპიონატის ექვსი სრული ტური და ინგლისის თასის ერთი ეტაპი — ჯამში 7 მატჩი. მანჩესტერ იუნაიტედი უკმაყოფილებას უკვე გამოთქვა მაროკოს ნაკრებისა და კალენდრის გამო: ორშაბათის მატჩში ბორნმუთთან მაზრაუიმ ვერ ითამაშა, რაც დაცვაში სერიოზულ დანაკარგად იქც და ოთხ გაშვებულ გოლშიც აისახა.
სერია ა. აქაც ექვსი ტურია ჩემპიონატში, პლუს იტალიის სუპერთასის მატჩები. ნაპოლი, ინტერი, მილანი და ბოლონია ამ პერიოდში შვიდ შეხვედრას გამართავენ, დანარჩენი გუნდები — ექვსს.
ლა ლიგა. აფრიკის თასის პერიოდში გუნდების უმეტესობა მხოლოდ ოთხ მატჩს ითამაშებს, თუმცა ბარსელონამ, რეალმა, ატლეტიკომ და ატლეტიკმა შესაძლოა ხუთი შეხვედრაც ჩაატარონ — თუ ესპანეთის სუპერთასის ფინალში გავლენ.
ლიგა 1. ორი მატჩი ჩემპიონატში და ორი — საფრანგეთის თასზე. რაოდენობრივად ბევრი არაა, თუმცა მათ გუნდებს ყველაზე დიდი დანაკლისით მოუწევთ ყოფნა.
ბუნდესლიგა. აფრიკის ერთა თასს დაემთხვევა გერმანიის ჩემპიონატის ოთხი ტური, რომელთაგან სამი იანვრის პირველ კვირას გაიმართება. შესაბამისად, დაბრუნებას მოასწრებენ არამხოლოდ ჯგუფში ჩარჩენილი ფეხბურთელები, არამედ ისინიც, ვინც მერვედფინალშიც გამოვარდებიან.
ევროტურნირები. აფრიკის თასი არ ემთხვევა ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგას — ისინი ტურნირის ფინალიდან ერთ კვირაში განახლდება. სამაგიეროდ, კონფერენს ლიგაზე ბოლო ტური 18 დეკემბერს ჩატარდა — კრისტალ პალასისა და სტრასბურგის ფეხბურთელები ამ დროისთვის უკვე ნაკრებებში იყვნენ წასულები.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
