მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურში ლიბიისა და ნიგერიის მატჩი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა ჩაიშალა, ამის მიზეზი კი საკმაოდ სერიოზული იყო.
"12 საათზე მეტი ლიბიის მიტოვებულ აეროპორტში მას შემდეგ, რაც ჩვენმა თვითმფრინავმა დაშვებისას მიმართულება შეიცვალა. ლიბიურმა მთავრობამ უმიზეზოდ გააუქმა ჩვენი დადასტურებული დაფრენა ბენღაზიში (ლიბიის ქალაქი). მათ ჩაკეტეს აეროპორტის გასასვლელები და დაგვტოვეს მობილური კავშირისა და საჭმელ-სასმლის გარეშე. ეს ყველაფერი კი გონებრივი თამაშებისთვის.
აფრიკაში გასვლით თამაშებზე ბევრი რამ გამომიცდია, მაგრამ ეს სამარცხვინო ქცევაა. ტუნისელმა პილოტმაც საბედნიეროდ მოახერხა ბოლო წუთს შეცვლილ აეროპორტში ნავიგაცია. ასეთი დაშვება ცხოვრებაში არ მინახავს.
ჩვენ დავუკავშირდით ნიგერიის მთავრობას, რომ ჩაერიოს და დაგვიხსნას. როგორც კაპიტანმა, გუნდთან ერთად გადავწყვიტე, რომ ჩვენ ამ მატჩში არ ვითამაშებთ. აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ უნდა ნახოს თუ რა ხდება აქ და თუ ასეთ საქციელს დაუშვებენ, მაშინ მისცენ მათ ქულები. არ დავთანხმდებით აქ დაცვით მგზავრობასაც, რადგან ეს უსაფრთხო არ არის. მხოლოდ წარმოვიდგენთ აქ დარჩენის შემთხვევაში როგორი სასტუმრო და საჭმელი დაგვხვდება.
პატივს ვცემთ ჩვენს თავს და მეტოქესაც, როცა ისინი ჩვენი სტუმრები არიან ნიგერიაში. შეცდომები ხდება, მაგრამ ასეთი რაღაცების სპეციალურად გაკეთებას არაფერი აქვს საერთო საერთაშორისო ფეხბურთთან." - ასეთი განცხადება გამოაქვეყნა 14 ოქტომბერს ნიგერიის ნაკრების კაპიტანმა უილიამ ტროსტ-ეკონგმა.
განცხადება სოციალურ ქსელში ნიგერიელთა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმაც დაპოსტა.
"ლიბიის ფეხბურთის ასოციაციის ეს მცდელობა უბრალოდ დაგვიანება არ არის. ეს გამიზნული ტაქტიკაა, რომ მოთამაშეების მორალური მდგომარეობა შეასუსტონ და გაანადგურონ, ეს ტყვეობას ჰგავს. ჩემი გუნდელებისა და მთელი სტაფის უსაფრთხოება და კარგად ყოფნა ყველაზე მნიშნველოვანი რამ არის ახლა. ჩვენმა კაპიტანმა თქვა, რომ არ ვითამაშებთ და სრულად მხარს ვუჭერ ამას, გარდა იმ შემთხვევისა თუ მატჩი ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდება. ჩემი ძმები და მწვრთნელები სახლში უსაფრთხოდ უნდა დაბრუნდნენ, ჩვენ არ ვართ კრიმინალები და პატიმრები.
წარმომიდგენია, როგორ საშინლად გრძნობენ ისინი თავს ახლა, მსგავსი გამოცდილება 17 წლის ასაკში მქონდა. ეს ძალიან უსამართლო და გულგასატეხი ამბავია. კვლავ მივმართავ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციას, ნიგერიის მთავრობასა და სხვა შესაბამის ორგანოებს, რომ იმოქმედონ შესაბამისად, რათა ისინი უსაფრთხოდ დაბრუნდნენ." - დაწერა გალათასარაის შემტევმა.
სოციალური ქსელის დახმარებით შეტყობინებებს ლევერკუზენის ფორვარდი ვიქტორ ბონიფასიც გზავნიდა.
"აეროპორტში თითქმის 13 საათია ვართ. არანაირი საჭმელი, ვაიფაი, დასაძინებელი ადგილი. აფრიკელებო, უკეთესად მოქცევაც შეგვიძლია.
დამეხმარეთ დავუკავშირდე ბებიაჩემს და ვუთხრა, რომ მისი შვილიშვილი კარგადაა.
ეს უკვე საშიში ხდება. ჩვენ უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება გვინდა." - წერდა ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი X-ზე.
მოგვიანებით განცხადება აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამაც (CAF) გაავრცელა:
"CAF კავშირზეა ლიბიურ და ნიგერიულ ორგანოებთან მას შემდეგ, რაც შეგვატყობინეს, რომ ნიგერიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და მათი ტექნიკური გუნდი აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში დახმარების გარეშე აღმოჩნდა.
საკითხი გადაეცა სადისციპლინო საბჭოს გამოძიებისთვის და შესაბამისი ქმედება განხორციელდება მათ მიმართ, ვინც დაარღვია CAF-ის რეგულაციები." - წერია განცხადებაში.
ლიბიის ფეხბურთის ფედერაციაში თქვეს, რომ ინციდენტი არ იყო სპეციალურად მოწყობილი და ნიგერიელებს გაგებისკენ მოუწოდეს, რადგან მათი თქმით, პრობლემები ფრენის დროს ლიბიელ მოთამაშეებსაც შეექმნათ.
ოფიციალურ განცხადებაში კი ლიბიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩაშლილი თამაშის გამო ბოდიში გულშემატკივრებს მოუხადა.
სკანდალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განახლებული სიტუაციის შესახებ კვლავ ნიგერიის ნაკრების კაპიტნისგან გავიგეთ.
"სოციალური მედიის ძალით, ჩვენი თვითმფრინავი საწვავით აავსეს და ნიგერიაში მივდივართ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.
ვიმეორებ, ასე ჩვენს სტუმარ ქვეყანას არასდროს მოვექცევით. შეცდომები ხდება, მაგრამ არასდროს გამიზნულად!"
ნიგერიაში ჩაფრენის შემდეგ ტროსტ-ეკონგმა ბოლო განცხადებაც გაავრცელა.
"დავბრუნდით სახლში უსაფრთხოდ. ამ გუნდით ვამაყობ, ამ სულისკვეთებას ვერ გატეხთ. რაც გინდათ, გაგვიკეთეთ, ჩვენს სისხლშია რთული სიტუაციების გადალახვა. ამ ჯგუფთან ერთად 10 წლის განმავლობაში ბევრი მინახავს, მაგრამ არაფერი მსგავსი. ამ გამოცდილებამ ჩვენ კიდევ უფრო გაგვაერთიანა."
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები