ჟოან ლაპორტა უეფას თავს დაესხა: „ჩვენ განმარტებებს ვითხოვთ“
ბარსელონა ატლეტიკოსთან ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვას კვლავ მტკივნეულად განიცდის, კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კი საჯაროდ გამოხატა მძაფრი პროტესტი იმ მსაჯობის გამო, რომელმაც, მისი აზრით, ორმატჩიანი დუელის ბედი გადაწყვიტა.
ლაპორტამ ატლეტიკოს ნახევარფინალში გასვლა მიულოცა, თუმცა მომხდარს „სირცხვილი“ უწოდა:
ის, რაც ჩვენ დაგვიშავეს, გაუგონარია. პირველ მატჩში აშკარა პენალტი არ დაგვინიშნეს და პაუ კუბარსი უსამართლოდ გააძევეს, როცა ის მხოლოდ ყვითელ ბარათს იმსახურებდა. VAR-მა მსაჯს გადაწყვეტილება შეაცვლევინა, რამაც ძალიან დაგვაზიანა
ბარსელონას პრეზიდენტის თქმით, უსამართლობა საპასუხო შეხვედრაშიც გაგრძელდა:
ერიკ გარსიას წითელი ბარათი შეცდომა იყო, რადგან კუნდე ბურთს ადვილად აღწევდა და ერიკი ბოლო იმედის ჯარიმაზე არ წასულა. გარდა ამისა, ფერანის გოლი წესების დაცვით იყო გატანილი, ოლმოზე კი პენალტი არ დანიშნეს. ფერმინს ტუჩი გაუხეთქეს და ნაკერების დადება დასჭირდა, მსაჯმა კი მეტოქეს ბარათიც არ უჩვენა
ლაპორტამ დაადასტურა, რომ კლუბი მხოლოდ საჯარო განცხადებებით არ შემოიფარგლება და უეფაში ოფიციალური საჩივარი უკვე წარადგინეს.
უეფამ ჩვენს საჩივარს დაუშვებელი უწოდა. ახლა განმარტებებს ვითხოვთ, თუ რატომ არ მიიღეს ის. კიდევ ერთ საჩივარს გავგზავნით, რადგან ასეთი მიკერძოებული გადაწყვეტილებების მოთმენა შეუძლებელია