ჯუდ ბელინგემი კრიკეტის გუნდის მფლობელი გახდა - „მინდა ქალაქს ვალი დავუბრუნო“
მადრიდის რეალისა და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავმა, ჯუდ ბელინგემმა, მოულოდნელი ბიზნეს-ნაბიჯი გადადგა და კრიკეტის გუნდ Birmingham Phoenix-ის აქციონერი გახდა. 22 წლის ნახევარმცველმა, რომელიც დასავლეთ მიდლენდსის გმირია, კლუბის 1.2%-იანი წილი შეიძინა. „ვგრძნობ, რომ ამ ქალაქის ვალი მაქვს. როდესაც ჩართვის შესაძლებლობა მომეცა, ორჯერ არ დავფიქრებულვარ და ძალიან ბედნიერი ვარ“, - განუცხადა ბელინგემმა Warwickshire CCC-ს.
ბელინგემი საინტერესო სამეზობლოში აღმოჩნდა: გუნდის აქციების 48.4%-ს Knighthead Capital Management ფლობს, რომელიც ბირმინგემ სიტის მფლობელია. ეს ნიშნავს, რომ ჯუდი იმავე ბიზნეს-წრეში იქნება, სადაც NFL-ის ლეგენდა ტომ ბრედია. ბელინგემმა სითბოთი გაიხსენა მშობლიური საფეხბურთო კლუბი: „ბირმინგემ სიტი საუკეთესო გუნდია, სადაც კი შემეძლო აღზრდილიყავი. იქ საუკეთესო განათლება მივიღე როგორც ფეხბურთში, ისე ცხოვრებაში“.
როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისთვის კრიკეტი უცხო ხილი არ არის. ბელინგემმა აღიარა, რომ ეს მისი საყვარელი სპორტია ფეხბურთის შემდეგ: „ყველაზე მეტად ტესტ-მატჩების ყურება მიყვარს, როცა შემიძლია მთელი დღე ვადევნო თვალი. ამ თამაშში არის გარკვეული კლასი და ელეგანტურობა, თუნდაც ის, თუ როგორ გამოდიან კაპიტნები პიჯაკებითა და კეპებით“.
ჯუდის ინვესტიცია კრიკეტის ტურნირის, The Hundred-ის დიდ ფინანსურ რესტრუქტურიზაციას დაემთხვა, რომელმაც 2026 წლის სეზონის წინ 520 მილიონ ფუნტზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა. თუმცა, ბელინგემისთვის ეს ფინანსებზე მეტად მშობლიური მხარის წარმოჩენაა: „ჩემთვის დიდი პატივია ბირმინგემის მსოფლიო არენაზე წარდგენა. მინდა ეს სწორად ვაკეთო, რომ ჩემმა ხალხმა იამაყოს“.