რეალ მადრიდის ვარსკვლავმა, ჯუდ ბელინგემმა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის წინ ჰარი კეინის შესახებ ისაუბრა.
ინგლისელი ნახევარმცველის თქმით, მისი ნაკრების კაპიტანი ფანტასტიკური მოთამაშეა, თუმცა მისი შანსები ოქროს ბურთზე ბაიერნისა და ინგლისის ნაკრების წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.
მადრიდელები ალიანს არენაზე გადამწყვეტი შეხვედრისთვის ჩავიდნენ. კეინი გერმანულ ფეხბურთში დომინაციას აგრძელებს. ის ბუნდესლიგის ბომბარდირია 31 გოლით და ბაიერნს ზედიზედ მეორე საჩემპიონო ტიტულისკენ მიუძღვის. საერთო ჯამში, ამ სეზონში კეინის ანგარიშზე 41 მატჩში 49 გოლია.
ბელინგემმა აღნიშნა, რომ ამაყობს კეინის შედეგიანობით, თუმცა იხუმრა, რომ ბაიერნის წარმატება ცოტათი სწყინს, რადგან მისი ძმა, ჯობ ბელინგემი, დორტმუნდის საკუთრებაა.
ჰარი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რას მიაღწევს გუნდთან ერთად და როგორ ითამაშებს ინგლისის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე. ბაიერნი ბუნდესლიგას მოიგებს, რაც ჩემთვის, როგორც დორტმუნდელის ძმისთვის, ცოტა მტკივნეულია, მაგრამ ჰარი ბოლო წლებში ამტკიცებს, რამდენად მაღალი დონის ფორვარდია
ჯუდი იმედოვნებს, რომ კეინის გამოცდილება ინგლისის ნაკრებს მუნდიალზე წაადგება, თუმცა მისი უახლოესი მიზანი მიუნხენში 32 წლის თავდამსხმელის გაჩერებაა.
ის ბრწყინვალე თავდამსხმელია და მისი თამაშის ყურება სიამოვნებაა. იმედი მაქვს, ხვალ ის თავს ვერ გამოიჩენს, ან ჩვენ შევძლებთ მის შეჩერებას