-
Aa
+
ფონტის ზომა
კლასიკოში წაგება ყოველთვის მტკივნეულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსისხლე მტერი ჩემპიონთა ლიგიდან, ფინალამდე ერთ ნაბიჯში გთიშავს. 2001/02 სეზონის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება ბლაუგრანამ შინ, ზიდანისა და მაკმანამანის გოლებით, 0-2 დათმო. მადრიდული შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
რონალდინიოს “ოქროს ბურთის” წელი ბარსასთვის არ აღმოჩნდა წარმატებული ევროასპარეზზე. 2004/05 სეზონის პირველ მერვედფინალურ მატჩში, კატალონიელებმა, შინ ჩელსი 2-1 დაამარცხეს. ლონდონში რონალდინიოს შოუ ჯონ ტერიმ ჩაშალა. კაპიტანმა საბოლოო ანგარიში, 4-2 დააფიქსირა. წლების შემდეგ პერლუიჯი კოლინამ აღიარა:
გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, შეცდომა იყო. უბრალოდ ჩემი პოზიციიდან ამის დანახვა შეუძლებელია. ამიტომაა აუცილებელი მსაჯები კარს უკან.
2009/10 სეზონის ნახევარფინალი. პეპ გვარდიოლას აქვს ისტორიული შესაძლებლობა გახდეს პირველი, ვინც ზედიზედ ორჯერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. კატალონიელების შემჩერებელი არავინ ჩანდა. ვულკან ეიაფიადლაიეკუდლის ამოფრქვევის გამო, მილანში ავტობუსით ჩასული კატალონიელები 3-1 დამარცხდნენ. კამპ ნოუზე “რემონტადას” იმედად შეკრებილმა პუბლიკამ მსაჯის არაერთი საკამათო გადაწყვეტილება, პიკეს ულამაზესი გოლი და ჟოზე მოურინიოს იკონური აღნიშვნა იხილა.
პეპს კიდევ ერთხელ მიეცა შანსი ზედიზედ მეორე ფინალი ეთამაშა. სტემფორდ ბრიჯზე გამართული მატჩი ბარსელონამ დროგბას ერთადერთი გოლით დათმო. განმეორებითი მატჩი ბარსასთვის კარგად დაიწყო, 37-ე წუთისთვის კატალონიელები 10-კაციან ჩელსის ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ. ტაიმის ბოლოს რამირესის ულამაზესმა გოლმა ყველაფერი შეცვალა. მეორე ნახევარში ბარსას უიღბლობას საზღვარი არ ჰქონდა, უამრავ გამოუყენებელ მომენტს მესის გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი დაემატა. საბოლოო წერტილი კი 92-ე წუთზე ფერნანდო ტორესმა დასვა.
ტრავმიანი მესი და ვილანოვას ბარსელონა მიუნხენში 4-0 განადგურდნენ. წინა სეზონის ფინალში, ალიანს არენაზე დამარცხებული მიუნხენელების გამჩერებელი ამ სეზონში ნამდვილად აღარავინ იყო. მესის გარეშე დარჩენილი ბარსა კამპ ნოუზეც განადგურდა. რეკორდმაისტერმა ორი მატჩის ჯამში რეკორდული შედეგი, 7-0 დააფიქსირა.
მას შემდეგ, რაც ბარსას 39-მატჩიანი წაუგებელი სერია მადრიდის რეალმა დაასრულა კამპ ნოუზე, ლიგის მეოთხედფინალში კატალონიელებს კვლავ მადრიდის ატლეტიკოსთან მოუწიათ დაპირისპირება. კამპ ნოუზე ბარსამ 2-1 იმარჯვა, კატალონიელებს მხსნელად ლუის სუარესი მოევლინათ. გრიზმანის დუბლი საკმარისი აღმოჩნდა ბარსელონას ზედიზედ მეორე ტრებლზე ოცნება ვისენტე კალდერონზე დაესრულებინა.
რთული სათქმელია, კამპ ნოუზე მოგებული 4-1-ის შემდეგ რომაელ გულშემატკივარს მაინც თუ ჰქონდა ქამბექის იმედი. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა რომს კიდევ ერთი დაუვიწყარი წარმოდგენა აჩუქა. ბედის ირონიაა, რომ რომაელთაგან სამივე გოლი იმ ფეხბურთელებმა გაიტანეს, ვინც კამპ ნოუზე გამოიჩინა თავი. დე როსიმ და მანოლასმა ამჯერად კატალონიელთა კარი აიღეს.
პირველ ნახევარფინალურ მატჩში, ლივერპულის განადგურების შემდეგ, ბარსელონას მრავალრიცხვოვან გულშემატკივართაგან არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ შარშანდელი აღარ განმეორდებოდა და ოთხი წლის შემდეგ ბარსას ფინალში ნახავდნენ. როგორც ჩანს, მერსისაიდში სხვანაირად ფიქრობდნენ. ვაინალდუმისა და ორიგის დუბლებით ლივერპულმა 4-0 გაანადგურა ბარსელონა.
კოვიდის სეზონი ალბათ ყველაზე მწარედ სწორედ კატალონიელებს ახსოვთ. ლისაბონში გამართულ ერთმატჩიან მეოთხედფინალში ბარსელონა 8-2 განადგურდა. მიუნხენელთაგან თავი ბარსელონას საკუთრებაში მყოფმა ფილიპე კოუტინიომაც გამოიჩინა, თან ორჯერ.
10 წლის შემდეგ ბარსელონას შანსი ჰქონდა კიდევ ერთხელ ეთამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ამისთვის ჰანსი ფლიკის შეგირდებს მილანის ინტერის ბარიერი უნდა დაეძლიათ. კამპ ნოუზე ლამინე იამალის ბენეფისი საკმარისი არ აღმოჩნდა ინტერის დასამარცხებლად. 3-3. ყველაფერი მილანში უნდა გადაწყვეტილიყო. სან სიროზე, უდრამატულეს ბრძოლაში გამარჯვება მილანელებს დარჩათ. 4-3. ინტერმა ორი მატჩის ჯამში ბარსელონას 7-6 სძლია და ბოლო სამ სეზონში მეორედ გავიდა ფინალში.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები