გავრცელებული ინფორმაციით, ლიონელ მესისა და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის წინააღმდეგ სამხრეთ ფლორიდაში სარჩელი შევიდა.
ამერიკული გამოცემა TMZ-ის ცნობით, საქმე ეხება თაღლითობასა და კონტრაქტის პირობების დარღვევას.
მოსარჩელე მხარეა სარეკლამო კომპანია VID, რომელიც სპორტულ და მუსიკალურ ღონისძიებებს აორგანიზებს. კომპანიამ გასულ აგვისტოში AFA-სთან 7 მილიონ დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც გასულ ოქტომბერს ვენესუელასთან და პუერტო რიკოსთან გამართულ ამხანაგურ მატჩებზე ექსკლუზიურ უფლებებს მოიცავდა.
VID-ის მტკიცებით, კონტრაქტით მესის თითოეულ მატჩში მინიმუმ 30 წუთი უნდა ეთამაშა, თუ ტრავმა არ ექნებოდა. თუმცა, ვენესუელასთან შეხვედრას მესიმ თვალი მაიამის სტადიონის ტრიბუნიდან, სპეციალური ლოჟიდან ადევნებდა. ირონიულია, რომ ამ მატჩის მეორე დღეს მესიმ ინტერ მაიამის მაისურით ატლანტა იუნაიტედს ორი გოლი გაუტანა.
კომპანია ასევე ჩივის, რომ პუერტო რიკოსთან მატჩის ჩიკაგოდან ფორტ-ლოდერდეილში გადატანის გამო 1 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა. AFA-ს წარმომადგენლებმა ლოკაციის შეცვლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკით გამოწვეული შეზღუდვებით ახსნეს, თუმცა ჩიკაგოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიზეზი ბილეთების დაბალი გაყიდვები იყო.
კომპანია VID ზარალის სრულ ანაზღაურებას ითხოვს. მესის წარმომადგენლებსა და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.