„კრიშტიანუ რონალდუ თავის მემკვიდრეობას საფრთხეს შეუქმნის, თუ მესის MLS-ში შეუერთდება“ - ბრედლი რაიტ-ფილიპსი
ნიუ-იორკ რედ ბულსის ყოფილი ფორვარდი, ბრედლი რაიტ-ფილიპსი მიიჩნევს, რომ მადრიდის რეალისა და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა საკუთარი სახელი შელახოს, თუ კარიერის დასასრულს ამერიკულ ლიგაში გადაბარგდება.
41 წლის პორტუგალიელი ამჟამად საუდის არაბეთში, ალ-ნასრში ბრწყინავს, სადაც 139 მატჩში 124 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ რონალდუმ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, პრესაში მუდმივად ვრცელდება ხმები მისი MLS-ში შესაძლო გადასვლის შესახებ, სადაც მისი მთავარი მეტოქე, ლიონელ მესი თამაშობს. თავად კრიშტიანუმ კი მიანიშნა, რომ შესაძლოა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშიც კი სცადოს.
თუმცა, რაიტ-ფილიპსი ამ იდეას სკეპტიკურად უყურებს: „არ მინდა რონალდუს MLS-ში ნახვა. მისი კარიერისთვის უკვე ძალიან გვიანია. ლიონელ მესი ჯერ კიდევ იმ დონეზეა, რომ მეტოქეებს პირისპირ სჯობნის, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რონალდუს ისევ შეუძლია თუ არა მსგავსი მაგიის შექმნა. თუ ის სათანადო ფორმაში არ იქნება, ამერიკაში გადასვლა მის მემკვიდრეობას დააზიანებს“.
რაიტ-ფილიპსმა მაგალითად ოლივიე ჟირუ მოიყვანა, რომლის ყურებაც LAFC-ში, მისი აზრით, საკმაოდ სევდიანი სანახაობა იყო. ყოფილი ფორვარდი შიშობს, რომ კრიშტიანუსაც იგივე დაემართება და ის საკუთარი თავის ჩრდილი გახდება.
პარალელურად, MLS-ში ვარსკვლავთცვენა გრძელდება: მომავალ სეზონში ორლანდო სიტის ანტუან გრიზმანი შეუერთდება, ნეიმარს კი ცინცინატის უკავშირებენ. რაიტ-ფილიპსი გრიზმანის ტრანსფერს იდეალურს უწოდებს, რადგან ფრანგი დიეგო სიმეონეს სკოლაგავლილია და შრომა არ ეზარება, ნეიმარის შემთხვევაში კი თვლის, რომ ბრაზილიელი, ხმაურის მიუხედავად, მესისა და რონალდუს დონის ტალანტია და ლიგას ძალიან წაადგება.